ნათია თურნავა - ახალი ეტაპის მთლიანი საბიუჯეტო პაკეტი 410 მლნ ლარზე მეტია, საიდანაც 130 მლნ ლარი Stopcov ფონდში აკუმულირებული თანხაა
„ანტიკრიზისული გეგმის მესამე, ახალი ეტაპის მთლიანი საბიუჯეტო პაკეტი 410 მლნ ლარზე მეტია, საიდანაც 130 მლნ ლარი Stopcov ფონდში აკუმულირებული თანხაა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ეკონომიკის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბიზნესის წარმომადგენლებმა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა კოვიდის ფონდში მსხვილი შენატანები განახორციელეს.
„არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ იმ 410 მლნ ლარში, რომელიც ბიუჯეტიდან ამ პროგრამის დასაფინანსებლად იხარჯება, 130 მლნ ლარი Stopcov ფონდში აკუმულირებული თანხები და, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის პირადი შემოწირულობაა 100 მლნ ლარის ოდენობით. ფონდში ასევე არის სხვადასხვა ბიზნესის მიერ გაღებული შენატანები. ეს თანხები რამდენიმე მიმართულებით დაიხარჯება, მათ შორის 17 წლის ჩათვლით ბავშვების 200-ლარიან დახმარებაზე“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავამ დეტალურად ისაუბრა ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპის სხვა კომპონენტებზე.
„საბიუჯეტო პაკეტი იმისთვის იქნება გამოყენებული, რომ დავეხმაროთ ყველაზე მნიშვნელოვან ჯგუფს – ესენი არიან ჩვენი ბავშვები, ჩვენი მომავალი სტუდენტები, და 150 000-მდე სოციალური ქულის მქონე ადამიანები, ვისაც „კოვიდი-19“-ის ფონზე კიდევ უფრო მეტად გაუჭირდათ. სწორედ აქედან გამომდინარე იქნა შერჩეული ეს პროგრამები. ასევე მნიშვნელოვანია ის დახმარება, რასაც ჩვენ გავწევთ 33 000-ზე მეტი სტუდენტისთვის, რათა მათ შეძლონ განათლების შეუფერხებლად მიღება“, – აღნიშნა მან.
ეკონომიკის მინისტრმა, ასევე, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ნაწილზე. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ზამთრის პერიოდში, 4 თვის განმავლობაში მოხდება გადასახადების სუბსიდირება იმ ოჯახებისთვის, ვინც 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ გაზსა და 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს.
„ეს ეხება აბონენტთა 2/3-ზე მეტს, ეს არის ოჯახების უდიდესი ნაწილი, ვინც მოიხმარს ელექტროენერგიას და ბუნებრივ გაზს. სწორედ ამ მიმართულებით მივიღეთ კვლავ გადაწყვეტილება, რომ ზამთრის პერიოდში, როდესაც მაღალია ელექტროენერგიის და განსაკუთრებით, ბუნებრივი აირის მოხმარება, იმ ოჯახებს, ვინც 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ გაზს და 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. ასეთია ოჯახების უდიდესი უმრავლესობა“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარებების გაცემის კიდევ ერთი ეტაპი განხორციელდება, რომლის საერთო ბიუჯეტი 480 მლნ ლარია.
17 წლის ჩათვლით საქართველოს ყველა მოქალაქე ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებს და პროგრამის ბიუჯეტი 170 მლნ ლარია.
ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მთავრობას მიმართა, თუმცა დოკუმენტაცია არ ჰქონდა გამართული, ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარი დაერიცხება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის კომუნალური მხარდაჭერის პროგრამა ზამთრის თვეებშიც გაგრძელდება, რისთვისაც 280 მლნ ლარი გამოიყო.
150 ათასამდე სოციალური ქულის მქონე და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სახელმწიფო გარკვეული პერიოდის განმავლობაში სწავლის საფასურს დაუფინანსებს და ამაში 35 მლნ ლარი დაიხარჯება.