ნათია თურნავა ახალ წელს სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ახალ წელს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში შეხვდა და ღამის ცვლაში მომუშავე თანამშრომლებს ახალი წელი პირადად მიულოცა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნათია თურნავა ახალ წელს წინა წლებშიც აღნიშნულ უწყებაში ხვდებოდა.
„ჩვენს მოქალაქეებს, სრულიად საქართველოს ვულოცავ ახალ, 2020 წელს. მინდა, ვუსურვო ბედნიერება, წარმატება, ჯანმრთელობა, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ახალ წელს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს. როდესაც ჩვენ ყველა ახალ წელს ვზეიმობთ, კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ აქ, ელექტროსისტემის ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში მომუშავე ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოში ყველგან იყოს შუქი და ბედნიერი ახალი წელი გვქონდეს,“ – განაცხადა მინისტრმა და სხვა პროფესიის ადამიანებზეც ისაუბრა, რომლებიც დღესასწაულების მიუხედავად, ღამის ცვლაში მუშაობენ.
სამინისტროს ცნობით, საქართველოს ენერგოსისტემის ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში ნათია თურნავა მართვის ფარის მუშაობას გაეცნო, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზეა პასუხისმგებელი. ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში 24-საათიანი უწყვეტი მორიგეობაა – ცვლაში მორიგეობს სამი დისპეტჩერი, რომლებიც ახორციელებენ მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგეტიკულ სისტემებთან ოპერატიულ მოლაპარაკებებს; ელექტროსადგურების, ქვესადგურების და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ოპერირებას ნორმალურ და ავარიულ სიტუაციებში; ელექტროსადგურებში სიმძლავრის ბალანსების კონტროლს და ექსპორტ-იმპორტის გრაფიკების დაცვასა და მონიტორინგს.
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, როგორც დისპეტჩერიზაციის ერთადერთი ლიცენზიანტი, პასუხისმგებელია ელექტროენერგიის მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებასა და ელექტროენერგიის საიმედო მიწოდებაზე.