ნათია თურნავა - ადგილობრივი ბაზარი იმდენად გაჯერდა კარგი ხარისხის პირბადეებით, გადავწყვიტეთ, მათი ექსპორტიც დაიწყოს
ნათია თურნავა - ადგილობრივი ბაზარი იმდენად გაჯერდა კარგი ხარისხის პირბადეებით, გადავწყვიტეთ, მათი ექსპორტიც დაიწყოს

ყველაფერიმ რაც საქართველოში იწარმოება, ჩვენგან მხარდაჭერილი იქნება და ამაში სახელმწიფო პროგრამებსაც დიდი წვლილი აქვთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ კომპანია „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ სამედიცინო დანიშნულების პირბადეების საწარმოს გახსნის შესახებ კომენტარისას განაცხადა.

ნათია თურნავას განცხადებით, რამდენიმე თვის წინ, როცა მსოფლიო და საქართველო პანდემიის გამოწვევის წინაშე დადგა, საქართველო პირბადეების იმპორტიორი ქვეყანა იყო. თუმცა, მინისტრის თქმით, კერძო სექტორის ჩართულობით, დღეს საქართველო პირბადეების იმპორტიორი ქვეყნიდან ექსპორტიორ ქვეყანად იქცა.

„ადგილობრივი ბაზარი იმდენად გაჯერდა კარგი ხარისხის სამედიცინო და საყოფაცხოვრებო პირბადეებით, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება,  პირბადეების გატანა ექსპორტზეც დაიწყოს. „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ მსგავსი საწარმოები, როლებიც მილიონობით მაღალი ხარისხის სამედიცინო პირბადეს აწარმოებენ და შეძლებენ, მოამარაგონ არა მხოლოდ ადგილობრივი ბაზარი, არამედ ექსპორტზეც გაიტანონ პროდუქცია, ქმნიან ძლიერ ქართულ ეკონომიკას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის  განცხადებით, ყველაფერი, რაც საქართველოში იწარმოება, მხარდაჭერილი იქნება სახელმწიფოს მხრიდან და ამაში წვლილი სახელმწიფო პროგრამებსაც შეაქვთ.

„ჩვენი თანადგომით სულ უფრო მეტი საწარმო უერთდება პირბადეების წარმოების ინიციატივას და აწარმოებენ კომერციულ პირბადეებს არა მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის, არამედ გარეთ გასატანად. ეს არის ის, თუ როგორ სწრაფად რეაგირებს ჩვენი კერძო სექტორი და ჩვენი ხელისუფლება იმ გამოწვევებზე, რასაც ბევრი სხვა გიგანტი ქვეყანა ვერ უმკლავდება ასე წარმატებით“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

საწარმოს გახსნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, „საპარტნიორო ფონდის“ დირექტორი დავით საგანელიძე, საქართველოში ჩინეთის ელჩი ლი იენი და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.

ეკონომიკის სამინიტროს ინფორმაციით, „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის პირბადეების საწარმოა საქართველოში, რომელიც ყველაზე თანამედროვე, სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით აღჭურვილ ორ საწარმოო ხაზს მოიცავს. პროდუქცია Faceguard განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი, ასევე საექსპორტო ბაზრებისთვის. პროექტი, რომლის სრული კონცეფცია „საპარტნიორო ფონდის“ მიერაა შემუშავებული, კერძო ინვესტიციებით და „თიბისი“ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პირბადეების საწარმო „ნიუ ტექნოლოჯ იმპექსში“ პირველ ეტაპზე 50-მდე ადამიანი დასაქმდება.