ნათია თურნავა - ადგილობრივ ბიზნესს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით ვეხმარებით, რათა პირბადის ან სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტი არ იყოს
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი მოსახლეობა იყოს დაცული, არ განვიცდიდეთ პირბადის, ან სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტს და ამას ვაკეთებთ ადგილობრივი ბიზნესის დახმარებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მინისტრი თბილისში, კომპანია „ფავორიტი სტილის“ ერთ-ერთ საწარმოში საწარმოო პროცესს გაეცნო. კომპანია პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია და 2020 წლის მარტიდან ბიოსამედიცინო კომბინიზონებს, დამცავ ნიღაბ-ფარებს, დამცავ სათვალეებს და სადეზინფექციო ხსნარებს აწარმოებს.
„ეს არის კარგი მაგალითი, თუ როგორ გადაეწყო ჩვენი ბიზნესი დღევანდელ კრიზისულ ვითარებაში ყველაზე უფრო მეტად საჭირო საქონლის წარმოებაზე. ერთ-ერთი პროდუქცია, რომლის წარმოებაც კომპანიამ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით დაიწყო, დაცვის ფარებია, რომელიც დღეს ადგილობრივ ბაზარზე იმდენად ფართოდაა წარმოდგენილი, რომ ნება დავრთეთ, გარკვეული რაოდენობა ექსპორტზეც გაეტანა. აღნიშნული დაცვის ფარები ძალიან მოთხოვნადია აშშ-ში, უკრაინასა და ბევრ სხვა ქვეყანაში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
კომპანიას „ფავორიტი სტილი“, რომელიც 26 წლის წინ დაარსდა და ამ დრომდე ძირითადად საბეჭდ მასალებს აწარმოებდა, 2020 წლის მარტში სპეციალური მანქანა-დანადგარები შეიძინა და ვირუსისგან დაცვის საშუალებების დამზადება დაიწყო. პროექტის ჯამურმა ინვესტიციამ 180 000 აშშ დოლარი შეადგინა. კომპანიის სამ საწარმოში 800 ადამიანია დასაქმებული.