ნათია თურნავა ადასტურებს, რომ საბანკო რეგულაციების ლიბერალიზებაზე მუშაობა მიმდინარეობს
მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობის დადებით შედეგებს ყველანი ვხედავთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა ლარის კურსთან დაკავშირებით.
მინისტრის შეფასებით, ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებებმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრებასთან დაკავშირებით, შესაძლებლობა შექმნა, ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობა ამაღლებულიყო.
„ეს პროცესი გაგრძელდება. რაც მთავარია, გამოწვევას წარმოადგენდა ინფლაცია, რომელიც უფრო მაღალი იყო, ვიდრე მოსალოდნელი, დაგეგმილი მაჩვენებელი. სამომხმარებლო ფასების ზრდა მტკივნეული და ჩვენი პრიორიტეტი იყო, ნეგატიური ტენდენცია გარდაგვეტეხა და ინფლაცია დაგვებრუნებინა მისაღებ დონეზე. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შესაბამისად, მომავალი წლიდან ინფლაცია დაიწყებს კლებას და ეს პრობლემა აღარ იარსებებს“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავა ადასტურებს, რომ ეროვნული ბანკი ლიბერალიზების მიმართულებით წინადადებებზე მუშაობს.
„რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯს, რომელიც ეხება საბანკო რეგულაციების ლიბერალიზებას, რაც მიუხედავად მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა, ხელს შეუწყობდა ეკონომიკური ზრდის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებას, შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, პირველ რიგში, ეროვნული ბანკი მუშაობს წინადადებებზე. შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ლიბერალიზება იგეგმება. ეს იქნება მთელი პაკეტი. არ მინდა, წინ გავუსწრო მოვლენებს და კონკრეტული დეტალებზე ვისაუბრო, მაგრამ ძალიან მალე დასრულდება. როგორც ეკონომიკის მინისტრი, გარკვეული ლიბერალიზების მომხრე ვარ, რადგან მნიშვნელოვანია ეკონომიკაში გაჩნდეს დაბანდების მეტი რესურსი“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს პრივატიზების მიმართულებით.
„თქვენ ხედავთ ამის პოზიტიურ შედეგებს. როგორი დიდი ინტერესი დაფიქსირდა პირველ ორ კვირაში საპრივატიზებო ობიექტების მიმართ 100 აუქციონი ფარგლებში. ეს ინტერესი გრძელდება. ჩვენ გვინდა, მეტი თავისუფალი რესურსი გაჩნდეს ეკონომიკაში, რათა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ მაღალი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობა. ადამიანებს მიეცეთ მეტი შესაძლებლობა, მეტი ინვესტიცია განახორციელონ, მეტი სამუშაო ადგილი შექმნან და მეტი შემოსავალი მიიღონ, მაგრამ, ეს ყოველთვის უნდა იყოს დაბალანსებული მონეტარულ პოლიტიკასთან, რათა შევინარჩუნოთ დაბალი ინფლაცია და ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წელს საბანკო რეგულაციების გამარტივებას გეგმავს. შესაბამისი ცვლილებები სავარაუდოდ, მომავალი წლის მარტამდე განხორციელდება. ამის შესახებ საუბარია დოკუმენტში, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მეხუთე მიმოხილვის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.