ნათია თურნავა აცხადებს, რომ მზადდება საკმაოდ საგნობრივი პაკეტი, რომლითაც ინვესტორი მეტ სოციალურ პასუხისმგებლობას აიღებს მოსახლეობასთან მიმართებაში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მზადდება საკმაოდ საგნობრივი პაკეტი, რომლითაც ინვესტორი მეტ სოციალურ პასუხისმგებლობას აიღებს მოსახლეობასთან მიმართებაში.
როგორც ნათია თურნავამ პარლამენტის რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ინიციატივა მომზადდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით.
„მე და ჩემი კოლეგები ვამზადებთ საკმაოდ საგნობრივ პაკეტს, რომლითაც დარწმუნებული ვართ, ინვესტორი მეტ სოციალურ პასუხისმგებლობას აიღებს მოსახლეობასთან მიმართებაში. მეტი ჩართულობა გვინდა საზოგადოების, დამოუკიდებელი ექსპერტების, ადგილობრივი მცხოვრებლების, როგორც პროექტის კვლევების გადამოწმებაში, ასევე თავად მშენებლობის ზედამხედველობაში და ამის მექანიზმებსაც წარმოგიდგენთ უახლოეს დღეებში. ეს საკითხები გადაწყდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით. ჩვენ ამ წინადადებებს წარვადგენთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის მონაწილეობით „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. სხდომას, დეპუტატებთან ერთად, ესწრებიან ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები.