ნათია თურნავა აცხადებს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, რათა რესტორნები მოემზადონ გახსნისთვის
შესაძლოა, ამ დროისთვის ზოგიერთმა სასტუმრომ ვერ მოასწრო მომზადება, მაგრამ მათ აქვთ უფლება, მოემზადონ და ნებისმიერ დროს გაიხსნან, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, რათა რესტორნები მოემზადონ შიდა სივრცეში მუშაობის განახლებისთვის.
„მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრმა გუშინ გამოაცხადა შემდგომი გეგმა შეზღუდული ბიზნესების საქმიანობის. დღეიდან მათ შორის, სასტუმროები გაიხსნა ზამთრის კურორტებზე. რა თქმა უნდა, შეიძლება, ამ დროისთვის ზოგიერთმა სასტუმრომ ვერ მოასწრო მომზადება, მაგრამ მათ აქვთ უფლება, მოემზადონ და ნებისმიერ დროს გაიხსნან, რადგან თუნდაც ბაკურიანში, გუდაურში, მესტიაში თავისთავად სეზონი გრძელდება.
ხედავთ, კლიმატური პირობები არ უწყობს ხელს რესტორნების ღია სივრცეებს მუშაობაში, მაგრამ ხელს უწყობს ზამთრის კურორტებზე განალაგებულ სასტუმროებს. რაც შეეხება რესტორნებს, იცით, რომ პირველი მარტიდან აჭარაში, ხოლო 8 მარტიდან დანარჩენ საქართველოში შიდა სივრცეები გაიხსნება. ჩვენ პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში, პირველ რიგში, შრომის ინსპექცია ვეხმარებით, რომ ეს დარგი გახსნისთვის მოამზადოს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.