ნათია თურნავა - 2021 წლის იანვარ-სექტემბერში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 3.2 პროცენტით გაიზარდა
2021 წლის იანვარ-სექტემბერში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წელთან შედარებით 3.2 პროცენტით გაიზარდა და 728.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება და ადრე არსებული ნეგატიური დინამიკა შეცვლილია.
„მნიშვნელოვანია, რომელ დარგებში ხდება ზრდა. პირველ რიგში, ესაა საფინანსო სექტორი. ასევე, ეს არის ენერგეტიკა, რომელიც კვლავინდებურად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი დარგია საინვესტიციოდ, აგრეთვე ესაა გადამამუშავებელი მრეწველობა და ტრანსპორტი. საყურადღებოა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გეოგრაფია. ძირითადად, საუბარია ევროპულ სახელმწიფოებსა და თურქეთზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ რეინვესტირების მაჩვენებელი გაორმაგებულია. 2021 წლის მესამე კვარტალში ორჯერ მეტად გაიზარდა რეინვესტირების მოცულობა და 293.3 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.
„ეს ნიშნავს, რომ უცხოური ინვესტორი, რომელიც შემოდის საქართველოში და დებს ინვესტიციებს, დივიდენდების გატანის ნაცვლად, ახორციელებს რეინვესტირებას საქართველოს ეკონომიკაში, აფართოებს წარმოებას, საკუთარ ბიზნესს, რაც მყარი ნდობის გამოვლინებაა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.