ნათია თოიძე - ბატონო უკრაინის მოქალაქევ, საქართველოს პირველი არხი, რომლის პირდაპირ ეთერშიც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ, დიახ, ემსახურება ქართულ სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებას
კეთილი ინებეთ და ბოდიში მოუხადეთ საქართველოს პირველი არხის თითოეულ თანამშრომელს, იმ ცრუ ბრალდებებისთვის, რაც სასამართლოზე იკადრეთ, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბის“ მთავარი პროდიუსერი ნათია თოიძე სოციალურ ქსელში წერს და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.
როგორც ნათია თოიძე აღნიშნავს, პირველ არხზე, უკვე ბევრი წელია, „დოკუმენტურ ფილმებს“ და სიუჟეტებს აღარ ამონტაჟებენ პროკურორები და შსს-ს მაღალჩინოსნები.
„მიხეილ სააკაშვილი – „სახელმწიფო არხი, სუს-ი რომელსაც დაჭრის მერე, უკაცრავად, არ ვენდობი. ჩემს ყოველ სიტყვას აქვს მნიშვნელობა, თუ არ გესმით“.
ბატონო უკრაინის მოქალაქევ! საქართველოს პირველი არხი, რომლის პირდაპირ ეთერშიც ახლა პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ, დიახ, ემსახურება ქართულ სახელმწიფოს და ქართულ საზოგადოებას. თქვენი სიტყვა პირდაპირ ეთერში გადაიცემა იმ სასამართლოს შენობიდან, რომელშიც თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არც ერთ ჟურნალისტს ფეხი არ დაუდგამს, გადაღებაზე ხომ საუბარი ზედმეტია. ალბათ არავინ გაგაგებინათ, და ჩემგან იცოდეთ – უკვე რამდენიმე წელია პოლიტიკოსებმა, დაკარგეს პირველი არხი. პირველ არხზე, უკვე ბევრი წელია, „დოკუმენტურ ფილმებს“ და სიუჟეტებს აღარ ამონტაჟებენ პროკურორები და შსს-ს მაღალჩინოსნები, ე.წ. ვიორსტკებს აღარ და ვეღარ წერენ თქვენი თანაგუნდელები (სხვათა შორის ვერც სხვისი). კეთილი ინებეთ და ბოდიში მოუხადეთ საქართველოს პირველი არხის თითოეულ თანამშრომელს, იმ ცრუ ბრალდებებისთვის, რაც სასამართლოზე იკადრეთ. ბოდიში მოუხადეთ ირაკლი გედენიძეს, თქვენს ყოფილ ფოტოგრაფს და ახლა პირველი არხის ფოტორეპორტიორს, რომელიც 26 მაისის ფოტოების გადაღების და გავრცელების გამო, მეუღლესთან ერთად, ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეთ, ახლა კი თქვენს წინ დგას და მსჯავრდებული სააკაშვილის ფოტოებს იღებს, რათა ისევ მთელ მსოფლიოს აჩვენოს“, – წერს ნათია თოიძე.