ნათია თურნავა - საპარტნიორო ფონდის რებრენდინგი მოხდება და მას დაერქმევა საქართველოს განვითარების ფონდი
დიდი ხანია, ვმუშაობთ საპარტნიორო ფონდთან ერთად ამ მნიშვნელოვანი ჰოლდინგის რეფორმის სხვადასხვა მიმართულებაზე. დღესდღეობით უკვე ჩამოყალიბებულია კანონპროექტი, რომელიც სულ მალე წარედგინება მთავრობას და შემდეგ პარლამენტს დასამტკიცებლად, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მინისტრის თქმით, კანონპროექტის მიხედვით, მოხდება საპარტნიორო ფონდის რებრენდინგი და მას დაერქმევა საქართველოს განვითარების ფონდი.
„უფრო თანამედროვე სტრუქტურა უნდა იყოს შექმნილი. საუბარია იმაზე, რომ პირველ რიგში შეიცვლება მენეჯმენტ-სტრუქტურები. იარსებებს დამოუკიდებელი პროფესიული ნიშნით შერჩეული სამეთვალყურეო საბჭო. დღემდე სამეთვალყურეო საბჭოში უშუალოდ მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ, რაც ანაქრონიზმია და თანამედროვე რეალიებს აღარ შეესაბამება. მთავრობის წევრების ნაცვლად, დამოუკიდებელი, პროფესიული ბორდი იქნება. სტრატეგიული ფონდის მენეჯმენტს გარკვეულ პერიოდში დაევალება, რომ საპარტნიორო ფონდის ფინანსური აუდიტი და რესტრუქტურიზაციის გეგმა მომზადდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში ის უნდა იყოს უფრო ძლიერი ფინანსურად, უფრო თვითკმარი და მდგრადი ამ თვალსაზრისით. სხვადასხვა პრობლემური აქტივებისგან გათავისუფლების და მათი განკარგვის გეგმაც დაიდება. აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად ამ სტრუქტურის სრული განახლება და რეფორმირება მოხდება. გადაწყვეტილება დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით უფრო სწორი და უპრიანია, იყოს მიღებული მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავინახავთ სრულ სურათს.
საკმაოდ დიდი რესურსი არსებობს ფონდის შიგნით, მათ შორის სხვადასხვა აქტივის განკარგვის გზით. აქ უპირველესად საუბარია არა სტრატეგიულ აქტივებზე, რისი პრივატიზაციაც არ იგეგმება, არამედ საპროექტო აქტივებზე. საპარტნიორო ფონდი წლების განმავლობაში ხელს უწყობდა სხვადასხვა მცირე პროექტის განვითარებას და ამ პროექტებიდან ეტაპობრივი გამოსვლის გზით შეიძლება, ძალიან სოლიდური რესურსები გაჩნდეს საპარტნიორო ფონდში. მომავალში, როდესაც საპარტნიორო ფონდი იქნება სრულად კორპორატიზებული და განახლებული, პერსპექტივა, რომ გარე რესურსების მოზიდვაც მოხდეს, ამ ეტაპზე ბიუჯეტზე საუბარი არ არის. უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია, აქ დარჩეს მთავარი ხაზი, რათა ეს იყოს კაპიტალშენატანი. დღესდღეობით სესხის თვალსაზრისით საკმაოდ ბევრი მექანიზმი არსებობს და დანერგილია იგივე „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ფარგლებში, მაგრამ კვლავ არის კაპიტალის ნაკლებობა“, – განაცხადა თურნავამ.