ნათია მიქელაძე - მთავრობის ადმინისტრაცია მზადაა, განიხილოს კანონით დადგენილი წესით წარდგენილი პრეზიდენტის წინადადება ცალკეული საკითხის სხდომის დღის წესრიგში შეტანაზე
ნათია მიქელაძე - მთავრობის ადმინისტრაცია მზადაა, განიხილოს კანონით დადგენილი წესით წარდგენილი პრეზიდენტის წინადადება ცალკეული საკითხის სხდომის დღის წესრიგში შეტანაზე

საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას, მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ განაცხადა.

როგორც მან პრეზიდენტის მონაწილეობით მთავრობის სხდომის მოწვევის შესახებ გიორგი მარგველაშვილის პრემიერ-მინისტრისადმი მიმართვაზე აღნიშნა, მთავრობის ადმინისტრაცია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, განიხილოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი პრეზიდენტის წინადადება ცალკეული საკითხის მთავრობის სხდომის დღის წერიგში შეტანასთან დაკავშირებით.

„აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით. დამატებით საქართველოს კონსტიტუციაში არ არის გათვალისწინებული, რომ შეუძლია პრეზიდენტს მოითხოვოს საგანგებო სხდომის მოწვევა. ამას გავუსვი ხაზი, რადგან მედიაში არაერთგვაროვნად იყო განხილული, 78-ე მუხლის მეექვსე პუნქტი ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტია უფლებამოსილი, მიმართოს საქართველოს მთავრობას. ამ შემთხვევაში, პროცედურულად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ იქნა წერილი გამოგზავნილი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე და ეს კანონმდებლობით დადგენილ წესს არ შეესაბამება“, – განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან უარი არ თქმულა და მზადაა, შესაბამისი მიმართვის შემთხვევაში, იმსჯელოს.

გიორგი მარგველაშვილმა გუშინ პრემიერ-მინისტრს მიმართა, უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომა მოიწვიოს, სადაც პრეზიდენტის მონაწილეობით სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის საკითხები იქნება განხილული.