ნათია მეზვრიშვილმა გერმანულ მხარესთან მიგრაციისა და უვიზო მიმოსვლის საკითხები განიხილა
ნათია მეზვრიშვილმა გერმანულ მხარესთან მიგრაციისა და უვიზო მიმოსვლის საკითხები განიხილა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ვიცე-პრეზიდენტს, ანდრეა შუმახერს შეხვდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებული მიგრაციული ტენდენციები და საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„ამ მხრივ მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული კონკრეტული ღონისძიებების მნიშვნელობა.

მინისტრის მოადგილე მიესალმა გერმანიის მიერ მიგრაციის მეკავშირე ოფიცრის მოვლენას საქართველოში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას”, – აცხადებენ შსს-ში.

სამინისტროს ცნობითვე, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო გერმანიასთან წარმატებული საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობას და საქართველოს მიერ რეადმისიის შეთანხმების ეფექტიან განხორციელებას.

მხარეებმა, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმატებული მუშაობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.

ამასთან, როგორც შსს-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, ანდრეა შუმახერმა ხაზი გაუსვა გერმანიის მიერ საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების კუთხით არსებულ მდგომარეობას.

„ვიცე-პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება და ევროკავშირის/შენგენის წევრი 13 ქვეყნის მსგავსად გერმანიაც აღიარებს საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი ღონისძიებების საკითხები განიხილეს.