ნათია მეზვრიშვილი - ვაჩვენეთ ვიდეომასალები, სადაც ასახული იყო კლუბების შიგნით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების არაერთი ფაქტი
ნათია მეზვრიშვილი - ვაჩვენეთ ვიდეომასალები, სადაც ასახული იყო კლუბების შიგნით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების არაერთი ფაქტი

ვფიქრობ, წარმოვადგინეთ დამაჯერებელი არგუმენტები, ვაჩვენეთ მტკიცებულებები, ვიდეომასალები, სადაც ასახული იყო კლუბების შიგნით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების არაერთი ფაქტი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველის წარმომადგენელთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის არის აზრთა სხვადასხვაობა, ვინაიდან მათ არ სურთ დადასტურებული ფაქტების აღიარება.

„ჩვენ გუშინ შევთანხმდით, რომ მუშაობა ორი მიმართულებით უნდა გაგვეგრძელებინა, ერთ-ერთი შეხვედრის ფორმატში უნდა გვესაუბრა იმაზე, თუ რა გახდა პარასკევს საღამოს კლუბებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საფუძველი.

მეორე შეხვედრის ფორმატში უნდა გვესაუბრა ნარკოპოლიტიკის საკითხებზე.

დღეს გაიმართა საუბარი უშუალოდ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები კლუბებში. ვფიქრობ, რომ ჩვენ წარმოვადგინეთ დამაჯერებელი არგუმენტები, ვაჩვენეთ მტკიცებულებები, ვიდეომასალები, სადაც ასახული იყო კლუბების შიგნით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების არაერთი ფაქტი. გასაგებია, რომ აზრთა სხვადასხვაობა არის ამ საკითხზე ჩვენსა და კლუბის წარმომადგენელს შორის.

მესმის, რომ მათ არ უნდათ დადასტურებული ფაქტების აღიარება გარკვეული მიზეზების გამო, თუმცა ერთი რამ ფაქტია, რომ იმ კლუბებთან, სადაც მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, სისტემატურად იყიდებოდა ნარკოტიკული საშუალებები“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებმა დააყენეს საკითხი, უშუალოდ კლუბების გარეთ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან, მოხდა თუ არა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ შორის აზრები გაიყო, თუმცა ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ ერთ რამეს, რომ აუცილებლად შევისწავლით, უშუალოდ აქციის მონაწილეებისა და პოლიციის კონტაქტის დროს ჰქონდა თუ არა ადგილი სამართალდარღვევებს.

არც ჩვენამდე, არც სახალხო დამცველის წარმომადგენლამდე რაიმე ტიპის დარღვევის შესახებ ინფორმაცია არ შესულა. თუ ასეთი დაფიქსირდება, მზად ვართ, ვითანამშრომლოთ სახალხო დამცველის წარმომადგენელთანაც და პროკურატურასთან, თუ ისინი კონკრეტული განცხადების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.

ეს ფორმატი დასრულებული არ არის, ჩვენ ამ ფორმატში სახალხო დამცველის ოფისთან ერთად მტკიცებულებების მივაწვდით, რა თქმა უნდა, თუ დადასტურდება გადაცდომების ფაქტი, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენს რეაგირებას.

ჩვენს ხელთ არსებული ვიდეომასალისა და მტკიცებულებების საფუძველზე შევისწავლით, ჰქონდა თუ არა გადაცდომას ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.