ნათია მეზვრიშვილი - მკვლელი ვინ არის, შსს-მ ზაზა სარალიძეს მაშინ უთხრა, როცა ეს პირები დააკავა და საქმე სასამართლოში წარმართა
მკვლელი ვინ არის, ეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზაზა სარალიძეს მაშინ უთხრა, როცა ეს პირები დააკავა და მაშინ, როცა საქმე სასამართლოში წარმართა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების დასასრულს შეადგინა სრული სურათი, ვინ იყო მკვლელობის ჩამდენი პირი, თუმცა სასამართლოზე ეს სურათი შეიცვალა.
„გასაგებია, რომ დადგა განსხვავებული შედეგი, თუმცა მე ძალიან ბევრი ვისაუბრე ობიექტური გარემოებების შესახებ, რამაც ამ შედეგზე გავლენა მოახდინა. რა შეიცვალა სასამართლოში, რა შეიცვალა ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, რაზეც ახლა, ამ ახალი გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ და ცალსახად შემიძლია ვთქვა, ჩვენ ვთქვით, გამოძიების დასასრულს დავხატეთ სრული სურათი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო მკვლელობის ჩამდენი პირი, ეს სურათი სასამართლოზე შეიცვალა. ახლა ჩვენ, ბრალდების მხარე, პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს, რომ სააპელაციო სასამართლოში დადგეს ის შედეგი, რომელიც უნდა დადგეს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გადაწყვეტილება ერთ შემთხვევაში მკვლელობის, ხოლო მეორე შემთხვევაში მკვლელობის მცდელობის მუხლებით გამოიტანა.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ ზაზა სარალიძე გამოძიებას არ ენდობა, თუმცა მიმართავს მას, რომ ნდობის საფუძველი ნამდვილად არსებობს, თუნდაც იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რაც საქმეზე განაჩენის გამოტანიდან ძალიან მოკლე დროში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადადგა.
„ეს ადამიანურად აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის, თუმცა მე მას მოვუწოდებ, ნდობის საფუძველი ნამდვილად არსებობს, თუნდაც იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რაც ამ საქმეზე განაჩენის გამოტანიდან ძალიან მოკლე დროში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადადგა. ერთი რამ მინდა ცალსახად ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა მოწმეებზე ზემოქმედების მიმართულებით ვმუშაობთ და შედეგი უკვე დავაყენეთ ორი პირის დაკავების სახით, თუ მკვლელობაში დამატებით სხვა პირების მონაწილეობის ეჭვი გაჩნდება და ეს დადასტურდება მტკიცებულებებით, ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. დამერწმუნეთ, ამ საქმეზე შედეგი დადგება. იქნება, მესამე მკვლელი? პირობითად ვამბობ, მესამე მკვლელი – შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის ზომებს გაატარებს. თუმცა, ძალიან გთხოვთ, თავი შევიკავოთ მტკიცებულებებზე დაყრდნობის გარეშე ვარაუდების საფუძველზე განცხადებების გაკეთებისგან“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.