ნათია მეზვრიშვილი - საქართველოს მთავრობისა და გაერო-ს ერთობლივი მუშაობის შედეგია, რომ ერთ-ერთი პირველი ვართ 46 ქვეყანას შორის, რომელმაც პირველ ეტაპზე მიიღო გაერო-სგან 1 მილიონი აშშ დოლარის დახმარება
საქართველო რომ ერთ-ერთი პირველია იმ 46 ქვეყანას შორის, რომელმაც პირველ ეტაპზე მიიღო გაერო-სგან 1 მილიონი აშშ დოლარის დახმარება, საქართველოს მთავრობისა და გაერო-ს ერთობლივი, თავდაუზოგავი მუშაობის შედეგია, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი გაერო-ს მიერ COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 1 მილიონ აშშ დოლარის გამოყოფას.
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, დახმარება მიმართული იქნება ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე.
„პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ვირუსის გავრცელების შენელება, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა და კრიზისით შექმნილ ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავება. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია 1 მილიონი აშშ დოლარის დახმარება, რომელიც გაერო-მ ჩვენთვის გამოყო და რომელიც გახლავთ ერთობლივი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგი მთავრობასა და გაერო-ს შორის. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად, ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი იმ 46 ქვეყანას შორის, რომელმაც პირველ ეტაპზე მიიღო გაერო-სგან დახმარება და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მიმართული იქნება ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
გაერო-ს COVID-19-თან რეაგირებისა და აღდგენის მრავალპარტნიორულმა სატრასტო ფონდმა გაერო-ს სააგენტოთა ჯგუფს საქართველოში 1 მილიონ აშშ დოლარი გამოუყო, რომელიც ჯანდაცვის კრიზისზე რეაგირებასა და მოწყვლადი ჯგუფების პანდემიის უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებას მოხმარდება.