ნათია მეზვრიშვილი - სახალხო დამცველის 2017 წლის რეკომენდაციების შესრულება უკვე დაწყებული გვაქვს
ნათია მეზვრიშვილი - სახალხო დამცველის 2017 წლის რეკომენდაციების შესრულება უკვე დაწყებული გვაქვს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, უწყებას სახალხო დამცველის ანგარიშში გამოთქმული რეკომენდაციების ნაწილის შესრულება უკვე დაწყებული აქვს.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, უკვე მიმდინარეობს ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რისკის შეფასების სისტემის და მონიტორინგის მექანიზმის დანერგვა, დროებითი მოთავსების იზოლატორების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და იზოლატორებში ტექნოლოგიების განახლება.

„ყურადღებით გავეცანით სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშს. რეკომენდაციების ნაწილის შესრულება უკვე დაწყებული გვაქვს. ეტაპობრივად შესრულდება სხვა რეკომენდაციებიც. რაც შეეხება იზოლატორებში დაზიანებით შესახლებულ პირთა რაოდენობის ზრდას: შემცირებულია დაკავების დროს ან დაკავების შემდეგ დაზიანებების მიღების შემთხვევები. გარდა ამისა, დროებითი მოთავსების იზოლატორებში გვაქვს საკმაოდ კარგად აწყობილი სისტემა. 2016 წელს დაიხვეწა დაზიანებების დაფიქსირების ფორმები და გამოვლენის მეთოდები. ჩვენმა სამედიცინო პერსონალმა გაიარა ინტენსიური გადამზადება. განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რამაც ხელი შეუწყო დაზიანებების ეფექტიან გამოვლენას. რაც შეეხება დაზიანებებთან დაკავშირებით პოლიციის მიმართ პრეტენზიებს. სახალხო დამცველის ანგარიში ასახავს მხოლოდ სტატისტიკას. გაცილებით მნიშვნელოვანია თითოეული ფაქტის შინაარსობრივი ნაწილი. ხშირად პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მთავარი ის არის, რომ ყველა პრეტენზიის შესახებ შეტყობინება დაუყოვნებლივ იგზავნება პროკურატურაში“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.