ნათია მეზვრიშვილი - საფეხბურთო მატჩზე საზოგადოებრივი წესრიგის ნებისმიერი დამრღვევი კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს
შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს, 20:00 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის გასამართ მატჩს კიდევ ერთხელ ეხმაურება.
შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე მოუწოდა მატჩზე დამსწრე საზოგადოებას, აზრი გამოხატოს არაძალადობრივი ფორმით და იმოქმედოს კანონის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეზვრიშვილის თქმით, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და გამოიყენებს კანონით დასაშვებ ყველა ზომას უწესრიგობის აღსაკვეთად.
„სხვადასხვა მედიასაშუალებებში და სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსალოდნელია მატჩზე საზოგადოების ცალკეული ჯგუფების მიერ პროტესტის სხვადასხვა ფორმით გამოხატვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს. მნიშვნელოვანია, რომ მატჩზე დამსწრე პირებმაც გამოიჩინონ დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება და მათი მხრიდან პროტესტი არ გასცდეს გამოხატვის თავისუფლების დასაშვებ ზღვარს, რათა საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგს ან ადამიანთა უსაფრთხოებას.
ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საფეხბურთო მატჩის დროს, ნებისმიერმა დესტაბილიზაციამ ან ძალადობამ შესაძლოა გამოიწვიოს მატჩის შეწყვეტა და უდიდესი ზიანი მიაყენოს როგორც ქართულ ფეხბურთს, ისე მთლიანად ქვეყნის იმიჯს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს მატჩზე დამსწრე საზოგადოებას, აზრი გამოხატოს არაძალადობრივი ფორმით და იმოქმედოს კანონის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და გამოიყენებს კანონით დასაშვებ ყველა ზომას უწესრიგობის აღსაკვეთად.
ძალადობის ან დესტაბილიზაციის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი პოლიციის მიერ, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის ნებისმიერი დამრღვევი, განურჩევლად სქესისა, რელიგიისა, სექსუალური ორიენტაციისა, პოლიტიკური შეხედულების, ეთნიკური წარმომავლობის თუ სხვა ნიშნისა, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.