ნათია მეზვრიშვილი - ქარტიას როდესაც ხელი მოვაწერეთ, პრეზიდენტისთვის სამივე პუნქტზე ჩვენი პოზიცია ცნობილი იყო და არ შეცვლილა ეს პოზიციები
ჩვენთვის ამ ქარტიაზე ხელმოწერა იყო ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი. დავუშვით ეს კომპრომისი ტექნიკური მთავრობის ნაწილში განსაკუთრებით, რადგან ჩვენთვის ეს არის გზა, რომ არ ჩამოყალიბდეს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა, ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი და წითელი ხაზი, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მეზვრიშვილის თქმით, სწორედ ამიტომ დაუშვეს ტექნიკურ მთავრობაზე კომპრომისი.
„რეფორმების ნაწილში სრულად ვეთანხმებით, რაც შეეხება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ჩვენი პოზიციაა, რომ არ ვეთანხმებით ამას და ესეც ყველასთვის ცნობილია. როდესაც ქარტიას ხელი მოვაწერეთ, პრეზიდენტისთვის სამივე პუნქტზე ჩვენი პოზიცია ცნობილი იყო, არ შეცვლილა ეს პოზიცია. პროცესი, რაც ახლა მიმდინარეობს, მიმდინარეობს ქარტიის ირგვლივ და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პროცესში ვრჩებით. ჩვენთვის ყველაფერი მეორეხარისხოვანია, გარდა ერთი საკითხისა – პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ როგორი შემადგენლობაც არ უნდა დაასახელოს პრეზიდენტმა, პრემიერობის კანდიდატი იქნება ეს, მთავრობის შემადგენლობა, როცა უნდა და როგორც არ უნდა გააკეთოს, მთავარია, ეს არ იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა. როცა დაასახელებს, და თუ დაასახელებს, კონკრეტულ სახელებს და გვარებს, ჩვენ ამაზე მერე მოვახსენებთ ჩვენს პოზიციას. კონფიგურაციები, რომელი პარტია სად დგას და როგორ მიდის არჩევნებზე, გამოკვეთილია. არ უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული ისეთ დროს, რომ ამან დაბნეულობა გამოიწვიოს პოლიტიკურ პარტიებში. 12 დღე დაგვრჩა არჩევნებამდე, თითოეულ საათსა და თითოეულ წუთს უნდა ვატარებდეთ ამომრჩეველთან და არჩევნების დასაცავად, ამაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები. თუ პრეზიდენტი ჩათვლის, რომ არჩევნებამდე უნდა დასახელდეს და ეს ამ პროცესს ხელს არ შეუშლის, არჩევნებამდე დასახელდეს, კარგი, დაასახელოს და მერე განვაცხადებთ პოზიციას“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.