ნათია მეზვრიშვილი - როცა საქმე ეხება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს ერთიანი და ამას იზიარებდეს პრეზიდენტის ინსტიტუტიც
შეწყალების ან ამნისტიის პროცედურებზე პასუხისმგებელს შეუძლია, მოითხოვოს სტატისტიკა და შსს მიაწვდის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა, რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
მეზვრიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობის პერსონალიზება არ მოუხდენია არც მაშინ, როცა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და არც სხვა ეტაპზე.
„საუბარი იმაზე იყო, რომ როცა საქმე ეხება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, მართლმსაჯულების სისტემა ერთიანი უნდა იყოს და ამ ერთიანობას უნდა იზიარებდეს პრეზიდენტის ინსტიტუტიც ისევე, როგორც სასამართლო და პროკურატურა. ფაქტზე სამინისტრომ დროული და შესაბამისი რეაგირება მოახდინა. მსხვერპლისგან როგორი შეტყობინებაც მივიღეთ, შესაბამისი რეაგირება იყო. შეტყობინება მხოლოდ შემაკავებელი ორდენის საფუძველს იძლეოდა და პოლიციამ შემაკავებელი ორდენი ყოველგვარი დაყოვნების გარეშე გამოსცა. შეტყობინებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები რომ ყოფილიყო, ამას წინ ვერაფერი დაუდგებოდა. არანაირი მოტივაცია არ არსებობს იმის, რომ შსს-მ დანაშაული დამალოს. სტატისტიკას ვაქვეყნებთ. გაზრდილია გამოძიების დაწყების მაჩვენებელი ისევე, როგორც შემაკავებელი ორდენის გამოცემის მაჩვენებელი. სამ თვეში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 800-ზე მეტი პირია დაკავებული და თუ ვინმე მეტყვის, რა შეიძლებოდა ყოფილიყო მოტივაცია იმის უკან, რომ შს სამინისტროს სათანადო რეაგირება არ მოეხდინა, მზად ვარ, ამ კითხვებს პასუხი გავცე, მაგრამ ამ შემთხვევაში რეაგირება დროული იყო. შემაკავებელი ორდენი მოკლულის დედის მიმართ გამოიცა და არა მოკლულის მიმართ. სამწუხაროდ, ის მოხდა, რაც მოხდა”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
მინისტრის მოადგილის ცნობით, შს სამინისტრო დეტალურ სტატისტიკას აწარმოებს, მათ შორის რეციდივთან დაკავშირებით.
“ნებისმიერი უწყება, რომელიც მოგვმართავს, სტატისტიკას მივაწოდებთ. კრიმინოგენურ ვითარებაზე ვისაც სტატისტიკა აინტერესებს, შეუძლია, შსს-ს მომართოს და ინფორმაცია მიიღოს. შეწყალების, ამნისტიის და ა.შ. პროცესებზე ინიციატივებს ჩვენით ვერ გამოვიჩენთ და წინასწარ ვერ გავთვლით, ვინ რა პროცედურებს აწარმოებს, კონკრეტული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით”, – დასძინა მეზვრიშვილმა.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყალებასთა დაკავშირებით სტატისტიკა ჰქონდა და ქვეყნის პირველ პირს ინფორმაცია არ მიაწოდა.