ნათია მეზვრიშვილი - ქუჩური მენტალიტეტის კრიმინალიზაცია არის დანაშაულებრივ სამყაროსთან ბრძოლის გაგრძელება
ქუჩური მენტალიტეტის კრიმინალიზება კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლის გაგრძელებაა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქუჩური გარჩევის კრიმინალიზების შესახებ შს სამინისტროს კანონპროექტის განხილვას პარლამენტი უახლოეს მომავალში დაიწყებს.
მის თქმით, ქუჩურ გარჩევასა და კამათს შორის ზღვარის გავლება ძალიან მარტივია. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, თუ გარჩევის დროს ხდება უკანონო მეთოდების გამოყენება, ძალადობა, მუქარა, ეს დაისჯება სისხლის სამართლის წესით.
ნათია მეზვრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ამ მეთოდების გამოყენება ისედაც დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსით, თუმცა ქუჩური გარჩევის კრიმინალიზებაზე მიმართული სპეციალური მუხლი უფრო ეფექტურს გახდის კრიმინალური მენტალიტეტისა და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლას.
„კანონპროექტის მიხედვით სანქციის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით, დამამძიმებელ გარემოებაში კი – მაგალითად, ქუჩურ გარჩევაში არასრულწლოვნის ჩაბმის შემთხვევაში, სანქცია სამ წლამდე გაიზრდება.
სპეციალური მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში ჩვენ არ გვაქვს, რასაც ჰქვია ქუჩური გარჩევები და ამ მიზნით შეკრება, ამ მიზნით შეკრებაში მონაწილეობა და ძალადობრივი მეთოდების გამოყენება. გვაქვს სხვადასხვა მუხლები, როგორიცაა ხულიგნობა, ცივი იარაღის ტარება, ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, მაგრამ სპეციალური მუხლი ჩვენ დაგვეხმარება იმაში, რომ უფრო გამიზნულად ვებრძოლოთ ამ ტიპის დანაშაულს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ კრიმინალური სამყაროსა და ზოგადად, კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა სამინისტროს გაცხადებული პრიორიტეტია.
„ჯერ კიდევ გასულ წელს დავიწყეთ ამ თემაზე საუბარი, უკვე განვახორციელეთ ცვლილებათა პაკეტი – ქურდული სამყაროს წინააღმდეგ კანონპროექტი, რომელმაც პრაქტიკაში წარმატებით იმუშავა და 2017 წელთან შედარებით 2018 წელს 5-ჯერ გაიზარდა კანონიერი ქურდების და ქურდული სამყაროს წევრების წინააღმდეგ დევნის დაწყების მაჩვენებელი. ქუჩური გარჩევების კრიმინალიზება ამ პოლიტიკის გაგრძელებაა“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.