ნათია მეზვრიშვილი - „ქუჩური გარჩევა“ დღეს გამოწვევაა, რომელიც სისხლის სამართლებრივი წესით უნდა ისჯებოდეს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ „ქუჩური გარჩევა“ დღეს არის გამოწვევა, რომელიც სისხლის სამართლებრივი წესით უნდა ისჯებოდეს.
ამ თემასთან დაკავშირებით მეზვრიშვილმა პარლამენტში ისაუბრა, სადაც შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავდნენ.
„საკითხი დგას ძალიან მარტივად და აქ უბრალოდ არის ღირებულებების თემა, რაშიც, როგორც ჩანს, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გარკვეულ დეპუტატებს შორის. ბუნებრივია, ყველას არ ვეხები. საუბარია იმაზე, გვინდა თუ არა, რომ ე.წ. ქუჩური გარჩევები დავსაჯოთ სისხლის სამართლის წესით, რაც საკმაოდ ხშირია პრაქტიკაში და რასაც თან ახლავს ძალადობა, ძალადობის მუქარა, იძულება და სხვა უკანონო ქმედებების გამოყენება. შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც ძალოვანი უწყების, პასუხი არის ძალიან მარტივი. გვინდა, რომ დავსაჯოთ სისხლის სამართლის წესით. გასაგებია, რომ ამაში ზოგი დეპუტატი არ გვეთანხმება, თუმცა პარლამენტია, ვიხილავთ, განსხვავებული მოსაზრებები გამოითქმება და ამაში პრობლემას ვერავინ ვხედავთ.
ამ ქმედების კრიმინალიზაციასა და ჰუმანური პოლიტიკისგან ნაბიჯის უკან გადადგმას შორის, არანაირი კავშირი არ არსებობს. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ უკვე ვთქვით, რომ გარკვეულ დანაშაულებთან მიმართებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს ჰუმანურ პოლიტიკას. აქ სიმკაცრესა და ჰუმანურობას შორის სხვაობაა და ეს ორი ცნება ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. ჰუმანური პოლიტიკის განხორციელებისგან ჩვენ არ გადაგვიხვევია. აქ საუბარია იმაზე, დავსაჯოთ თუ არა სისხლის სამართლის წესით გარკვეული ქმედება, რომელიც დღეს გამოწვევას წარმოადგენს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მანდატურებთან, ქურდულ სამყაროსთან და დანაშაულის დაფარვა- შეუტყობინებლობასთან დაკავშირებით გასულ წელს მიღებულმა კანონებმა პრაქტიკაში კრიმინალთან ბრძოლის კუთხით ნაყოფიერი შედეგი გამოიღო.
„ფაქტია, რომ ეს გამოწვევაა. სტატისტიკა, პრაქტიკა და მაგალითები, რომლებიც პრაქტიკაში არაერთი გვქონია, თუნდაც გასული წლის განმავლობაში, ამის საჭიროებას ადასტურებს. მარტივი საკითხია, გვინდა თუ არა, რომ ეს სისხლის სამართლის წესით დავსაჯოთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება, რომელიც იმ საკანონმდებლო ცვლილებებით დავიწყეთ, რასაც ამ პარლამენტმა მხარი დაუჭირა და პრაქტიკაში ძალიან წარმატებით მუშაობს. ის კანონები, რომლებიც გასულ წელს მივიღეთ მანდატურებთან დაკავშირებით, ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით, დანაშაულის დაფარვა- შეუტყობინებლობასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაგვიბაროთ, მოვალთ და წარმოგიდგენთ სტატისტიკურ მაჩვენებლებს, გნებავთ კომიტეტის ფორმატში, პარლამენტის მიერ მხარდაჭერამ პრაქტიკაში როგორი ნაყოფიერი შედეგი გამოიღო კრიმინალთან ბრძოლის კუთხით. ამიტომ, რადგან ამ კანონს პრინციპების დონეზე ვიხილავთ, ეს საკითხი უნდა იქნეს მხარდაჭერილი. იმიტომ, რომ საკითხი ძალიან მარტივია, ამ ტიპის ქმედებები უნდა დავსაჯოთ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.