ნათია მეზვრიშვილი - პროკურატურამ უნდა შეაფასოს, არსებობს თუ არა საკმარისი მტკიცებულებები ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე კონკრეტული პირების დევნის დასაწყებად
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე რეკომენდაციის გაცემა სცილდება ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საგამოძიებო კომისიის კომპეტენციას.
მისივე თქმით, პროკურატურამ უნდა შეაფასოს, არსებობს თუ არა საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ კონკრეტული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს.
„როგორც იურისტი, ამ საკითხის შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება არ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილება.
ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ცოტა გაუგებარია კომისიის მხრიდან ამ ტიპის რეკომენდაციების გაცემა იმ ფონზე, როცა მნიშვნელოვანი მოწმეების გამოკითხვა ჯერ არ დასრულებულა, რომელსაც უშუალოდ აქვს საქმესთან შემხებლობა. შესაბამისად, რეკომენდაციის გაცემა ამ ეტაპზე ცოტა ნაადრევია.
ამასთან, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე რეკომენდაციის გაცემა სცილდება საგამოძიებო კომისიის კომპეტენციას, თუმცა როგორც ჩანს, კომისიამ საკმარისად მიიჩნია, რომ არსებობს ამ ეტაპზე საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ სხვა პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.
აღნიშნული საკითხი ახლა პროკურატურის შესაფასებელია, რომელიც დევნის დაწყების კომპეტენციით სარგებლობს. პროკურატურამ უნდა შეაფასოს, არსებობს თუ არა საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ კონკრეტული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს“, – აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.
მისივე თქმით, რეკომენდაციები, რომელიც საგამოძიებო კომისიამ შს სამინისტროს მიმართ გასცა, ფორმალურია და მათზე მიმდინარეობს გამოძიება გამოყოფილი საქმის ფარგლებში.
„საგამოძიებო კომისია რა მიზნებისთვისაც შეიქმნა, კითხვებს, რომელიც საზოგადოებაში არსებობდა, იგივე ფარდულთან დაკავშირებით და თითქოსდა, გაღუნულ დანასთან დაკავშირებით, პასუხები უკვე გაეცა. ის რეკომენდაციები, რომელიც საგამოძიებო კომისიამ შს სამინისტროს მიმართ გასცა, ვფიქრობ, რომ ფორმალურია იმ თვალსაზრისით, რომ იმ ეპიზოდზე, რომელზეც კომისია მოგვიწოდებს, რომ გამოძიება დავიწყოთ, რეალურად გამოძიება მიმდინარეობს გამოყოფილი საქმის ფარგლებში.
ამიტომ, ცოტა გაუგებარია, ამდენი ხნის მუშაობის შედეგად მხოლოდ ამ დასკვნამდე რომ მივიდა კომისია. სამინისტროში გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, გამოყოფილი საქმის ფარგლებში ორი პირი უკვე დაკავებულია. საგამოძიებო მოქმედებებს ახლაც ვატარებთ და არც ერთი მიმართულებით მოვლენების განვითარებას არ გამოვრიცხავთ. მათ შორის, არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ამ საქმეზე იყვნენ სხვა დაკავებულებიც“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.