ნათია მეზვრიშვილი - პოლიციის თითოეული თანამშრომელი საარჩევნო უბნებთან კანონით დასაშვებ რადიუსში მოქმედებს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პოლიციის თითოეული თანამშრომელი საარჩევნო უბნებთან კანონით დასაშვებ რადიუსში მოქმედებს.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნათია მეზვრიშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიციის თითოეული თანამშრომელი, რომელიც საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება, კანონით მინიჭებული მანდატით მოქმედებს.
„გვსურს, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოვეხმაუროთ, რომ თითქოს, პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები საარჩევნო უბნებზე მოძრაობენ. საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი საპოლიციო ძალების გადანაწილებისა და მოძრაობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია არაერთხელ მივაწოდეთ გუშინ საღამოდან მოყოლებული.
პოლიციის თითოეული თანამშრომელი, რომელიც უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება, კანონით მინიჭებული მანდატით და უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს. პოლიციის თითოეული თანამშრომელი საარჩევნო უბნებთან კანონით დასაშვებ რადიუსში მოქმედებს. მიზანი ერთადერთია, მიზანი – საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაა. მიზანია ის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება. ბუნებრივია, წესრიგის დაცვის მიზნით, ამგვარი გადაადგილებები დღის განმავლობაში მოგვიანებითაც გაგრძელდება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.