ნათია მეზვრიშვილი - პოლიცია იძულებული გახდა, ზაზა სარალიძე დაეკავებინა
ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როდესაც ზაზა სარალიძე პოლიციას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ისინი ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავდნენ, დღეს კი პოლიცია იძულებული გახდა, რომ ემოქმედა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, ზაზა სარალიძემ პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ამის შემდეგ ის დააკავეს.
„ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როდესაც ზაზა სარალიძე პოლიციას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, პოლიცია მთელი ამ თვეების განმავლობაში უბრალოდ იდგა და ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავდა. დღეს პრაქტიკულად პოლიცია იძულებული გახდა, ემოქმედა, რადგან ეს იყო უკვე აშკარა ფიზიკური შეურაცხყოფის, თავდასხმის ფაქტი. ზაზა სარალიძემ პოლიციას ფაქტობრივად სხვა გზა არ დაუტოვა, გარდა დაკავებისა. ზაზა სარალიძე დაკავებულია 353 პრიმა მუხლით, რაც პოლიციაზე თავდასხმას გულისხმობს”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმციით, ზაზა სარალიძე პოლიციელს თავს დღეს დაესხა. უწყების ცნობით, რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.