ნათია მეზვრიშვილი - პოლიცია დაიცავს თითოეული მოქალაქის უფლებას, საკუთარი არჩევანი გააკეთოს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში
ნათია მეზვრიშვილი - პოლიცია დაიცავს თითოეული მოქალაქის უფლებას, საკუთარი არჩევანი გააკეთოს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, სრულად არის მობილიზებული მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიცია მზად არის ისევე წარმატებით დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, როგორც პირველი ტურის დროს, – ამის შესახებ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად პოლიტიკურად აქტიური წინასაარჩევნო პროცესისა, პოლიციის მუშაობის შედეგად, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, დანაშაულის ფაქტები  ეფექტიანად იქნა აღკვეთილი და თავიდან აცილებული, რისთვისაც შსს თითოეულ პოლიციელს მადლობას უხდის.

„პოლიცია დაუყოვნებლივ ახდენდა რეაგირებას დანაშაულის ფაქტებზე. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა. ბრალდებულთა შორის არიან როგორც ოპოზიციური, ისე მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები.

სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ყოფით ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები ხშირად ფასდებოდა როგორც პოლიტიკური მოტივით ჩადენილი, რაც ჩვენს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, უმრავლეს შემთხვევაში, არ დადასტურდა. ამასთან, პოლიტიკური მოტივი გამოიკვეთა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში, სადაც დადგა შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკურმა ტემპერატურამ განსაკუთრებით იმატა რეგიონებში. უსაფრთხოების კონტექსტის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რეგიონებში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში, სადაც მშვიდ გარემოში არჩევნების ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ხვალ, ისევე როგორც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, პოლიციის მობილური ჯგუფები, მთელი საქართველოს მასშტაბით, სრულად იქნებიან მობილიზებული. ასევე, დღის განმავლობაში საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობისას პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებული მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

ამასთან, შსს მიმართავს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს, თუ ორგანიზაციას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, დაიცვან კანონი, საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ პოლიციას და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას.

„არავის მივცემთ სიტუაციის ხელოვნურად გამწვავების შესაძლებლობას და სრული სიმკაცრით დავიცავთ კანონს. არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ დარჩება დაუსჯელი. კანონის დამრღვევი ყველა პირის მიმართ მიდგომა იქნება თანაბრად მკაცრი.

პოლიცია დაიცავს თითოეული მოქალაქის უფლებას საკუთარი არჩევანი გააკეთოს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა და საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.