ნათია მეზვრიშვილი - ოპოზიციის აქციაზე შსს მოიქცევა ისე, როგორც იქცეოდა ყოველთვის, კანონის ფარგლებში
შსს მოიქცევა ისევე, როგორც იქცეოდა ყოველვის, კანონის ფარგლებში, – ეს განცხადება შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით გააკეთა.
როგორც ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, შსს ამ უფლებებს ყოველთვის იცავს შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს.
„დავიცავთ ადამიანების უსაფრთხოებას, რომლებიც ამ ყველაფერში მონაწილეობას მიიღებენ და ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად. უმთავრესი ამოცანა იქნება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
რაც შეეხება იმას, დაინტერესდებიან თუ არა საგამოძიებო უწყებები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებით, რომელიც მოქალაქეებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდა, კანონმდებელთა ნაწილის აზრით, ძალოვან სტრუქტურათა დაინტერესების საგანი უნდა გახდეს. ამ თემაზე მეზვრიშვილი განმარტავს, რომ თუ კონკრეტული დანაშაულის ნიშნები იქნება, შსს კანონის ფარგლებში იმოქმედებს.
„თუ იქნება რაიმე სამართალდარღვევის ჩადენის კონკრეტული მცდელობები, ბუნებრივია, ამაზე შსს რეაგირებას მოახდენს. მათ შორის მოწოდებების გარეშეც ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში და ყველა დანაშაულზე ვახდენთ დროულ რეაგირებას”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.