ნათია მეზვრიშვილი ოპოზიციას - იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს თქვენს ირიბ მოწოდებებს დაუმორჩილებლობისკენ
ნათია მეზვრიშვილი ოპოზიციას - იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს თქვენს ირიბ მოწოდებებს დაუმორჩილებლობისკენ

საკითხის დაყენება ისე, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებისთვის მხარდასაჭერად უნდა ვიცოდეთ კონკრეტული პასუხები და მაგალითად მოგყავთ, დედამ როგორ უნდა უყიდოს შვილს პური, პოპულიზმზე რომ არაფერი ვთქვა, უბრალოდ არასწორია, – ასე მიმართა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, სადაც საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივებას უყარეს კენჭი.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის შეფასებით, ოპოზიციის მიერ დასმული აქცენტები არის ირიბი მოწოდება მოქალაქეებისთვის, რომ ისინი სახელმწიფოს მიერ დადგენილ შეზღუდვებს არ დაემორჩილონ.

„თქვენ დღეს თქვენი გამოსვლებისას გაკეთებული აქცენტებით, რეალურად ადამიანებს მოუწოდებთ, რომ არ დაემორჩილონ სახელმწიფოს მიერ დადგენილ შეზღუდვებს. თქვენ ამას აკეთებთ შეზღუდვების ეჭვქვეშ დაყენებით. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ, რომ მთავრობას არ აქვს ვალდებულება, შეზღუდვები დაასაბუთოს. მე კონკრეტულ შეზღუდვებზე ვისაუბრე. თქვენ უბრალოდ პოპულიზმში გადადიხართ და მოქალაქეებს მოუწოდებთ, არ დაემორჩილონ შეზღუდვებს, ფაქტობრივად, ადამიანებს გონებაში უდებთ, რომ ეს არ არის საჭირო. თითქოს დღეს აქ მთავრობის წარმომადგენელი და პრეზიდენტი მოვიდნენ, რათა ჰაერზე გელაპარაკონ, არგუმენტები არ წარმოადგინონ და გაურკვეველი მიზნებით ვითხოვთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას. იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს თქვენს ამ ირიბ მოწოდებებს დაუმორჩილებლობისკენ?!”, – მიმართა ნათია მეზვრიშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს.
მისივე განცხადებით, რომ არა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, დღეს ქვეყანას გაცილებით მეტი ინფიცირებული ეყოლებოდა.