ნათია მეზვრიშვილი - ნიკანორ მელიას პარლამენტში შეჭრისკენ მოწოდებებს მოჰყვა კონკრეტული შედეგები - ჯგუფური ძალადობა პოლიციელებისადმი და პარლამენტში შეჭრის მცდელობა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ნიკანორ მელიას პარლამენტში შეჭრისკენ მოწოდებებს მოჰყვა კონკრეტული შედეგები – ჯგუფური ძალადობა პოლიციელებისადმი და პარლამენტში შეჭრის მცდელობა.
20-21 ივნისის მოვლენების შესახებ მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
,,რეალობა არის ის, რომ ბატონი ნიკანორ მელიას პარლამენტში შეჭრისკენ მოწოდებებს მოჰყვა კონკრეტული შედეგები – მოჰყვა ჯგუფური ძალადობა პოლიციელების მიმართ და პარლამენტში შეჭრის მცდელობა. ამ ყველაფერმა კონკრეტული შედეგები გამოიღო და გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს, რომ იმ კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც პროკურატურამ და შსს-მ მოიპოვეს, დღეს ნიკანორ მელია გახლავთ ბრალდებული“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
მეზვრიშვილმა ნიკა მელიას მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზე ისაუბრა და კადრების გავრცელება დაცვის არასწორ სტრატეგიად შეაფასა.
,,მათ წარმოადგინეს დაცვის მხარისთვის ბრალდების მხარის მიერ გადაცემული მტკიცებულების განსხვავებული, მათთვის სასურველი ვერსია. როგორც ჩანს, საზოგადოებისთვის მათთვის სასურველი ვერსიის შესახებ ინფორმაციის მოწოდებას ისახავდა ეს მიზნად. თუმცა, რეალობა არის აბსოლუტურად განსხვავებული და პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ეს ნათლად ვიხილეთ’“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.
მისივე თქმით, ეს კადრები პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა ტელევიზიის მეშვეობით საზოგადოებამ ნათლად იხილა.
„დაცვის მხარის აი ამ მცდარ და არასწორ სტრატეგიასთან დაკავშირებით საზოგადოება სათანადო დასკვნებს გააკეთებს“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.