ნათია მეზვრიშვილი - შეზღუდვები მთავრობის თვითმიზანი არ არის, თუ ეპიდვითარება შესაძლებლობას მოგვცემს, შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე მოხსნა გაგრძელდება
ვინაიდან დავიწყეთ შეზღუდვების ნაწილობრივ, ვადაზე ადრე მოხსნა, ბუნებრივია, მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, თუ მომდევნო ეტაპიდან რა შეგვიძლია, გადმოვწიოთ წინა ეტაპზე, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სპეციალისტებისა და პროფესიონალების რეკომენდაციებსა და რჩევებზე დაყრდნობით. ამ საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის თვითმიზანი არ არის შეზღუდვების ხანგრძლივად არსებობა, რადგან ის გავლენას ახდენს ეკონომიკაზე და თუ ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად შესაძლებლობა იქნება, შეზღუდვები დაწესებულზე ადრე მოიხსნება.
„როგორც კი სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, შეზღუდვებს გაცილებით ადრე, თუმცა რისკების მართვით და თანმიმდევრულად, გააზრებულად მოვხსნით. რესტორნების ღია ნაწილის გახსნამ, შესაძლოა, გარკვეული ვადით ადრე გადმოიწიოს. სილამაზის სალონები ცოტა უფრო მეტი რისკის შემცველია, თუმცა ყველაფერზე მსჯელობა მიმდინარეობს და ნებისმიერ საქმიანობას განვიხილავთ, სადაც შესაბამისი წესების დაცვის შესაძლებლობა იქნება. თუმცა, სილამაზის სალონში დისტანციის დაცვა რთულია, ვინაიდან მომსახურე პერსონალსა და მომხმარებელს შორის საკმაოდ ახლო კომუნიკაციაა, ამიტომ, ეს საფრთხის შემცველია და ამ მიმართულებას განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებით“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.