ნათია მეზვრიშვილი - კომენდანტის საათი ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტია, არავინ თქვას, რომ მისი მოხსნა არ იქნება ცდუნება, ესტუმრონ ახლობლებს, გაშალონ სუფრა და დრო გაატარონ
ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ არის ამდენი კითხვა კომენდანტის საათთან დაკავშირებით; გასაგებია, რომ ეს ყველაფერი მოქალაქეებისთვის დისკომფორტია, თუმცა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ამ შეზღუდვის არსებობა საკმაოდ გამართლებულია და მან შედეგები გამოიღო, ისევე, როგორც სხვა შეზღუდვებმა – იგივე ფრენების შეჩერებასა და ავტომანქანებში სამკაციან შეზღუდვასთან დაკავშირებით, რაზეც ასევე კითხვები არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.
ნათია მეზვრიშვილის შეფასებით, კომენდანტის საათის შემთხვევაში საკითხი ძალიან მარტივად დგას – ის არის ბერკეტი მობილობის შესამცირებლად.
„კომენდანტის საათმა მოგვცა შესაძლებლობა, შეგვემცირებინა მობილობა, რაც გულისხმობს იმას, რომ შეგვეკავებინა ადამიანების გადაადგილება ჯგუფებად, ოჯახებად, ნათესავებთან, ახლობლებთან, მეგობრებთან იმ პერიოდში – საღამოობით, რაც გართობის დროდ მიიჩნევა. საღამო არის სწორედ ის პერიოდი, როდესაც ადამიანებს გართობის მიზნით ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ, დადიან ნათესავებთან, მეგობრებთან ჯგუფებად. კომენდანტის საათის შემოღების მიზანი იყო სოციალური დისტანციის გაზრდა, კომუნიკაციის მაქსიმალურად თავიდან აცილება, რადგან იმ პირობებში, როდესაც ბარები, კაფეები, რესტორნები დახურულია, ასეთი ტიპის აქტივობები, როგორც წესი, ინაცვლებს ოჯახებში, სადაც სოციალური დისტანციის კონტროლი და შესაბამისი წესების დაცვა გაცილებით რთულია. არავინ თქვას, რომ თუ დღეს კომენდანტის საათი მოიხსნება, ცდუნება არ ექნებათ, გადავიდნენ მეზობელთან, ესტუმრონ ახლობლებს, ნათესავებს, გაშალონ სუფრა და დრო გაატარონ. გარდა ამისა, ეს ე.წ. ბირჟებისა და თავყრილობების პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია. ამიტომ მესმის, რომ დისკომფორტია, თუმცა არის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომ მოვახდინოთ ეპიდემიის გავრცელების პრევენცია და ამას არ ვიყენებთ მხოლოდ ჩვენ, ისევე, როგორც ავტომანქანებში სამკაციან შეზღუდვას და სამ კაცზე მეტი პირის თავშეყრის აკრძალვას არ ვაწესებთ მხოლოდ ჩვენ. ამას იყენებს მსოფლიოს ბევრი ქვეყანა და გაცილებით მკაცრი რეგულაციებით“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.