ნათია მეზვრიშვილი - კირკიტაძის მიმართ პატიმრობის გამოყენების კონკრეტული საფუძვლები არსებობდა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით კირკიტაძესთან მიმართებაში აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების კონკრეტული საფუძვლები არსებობდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა.
თუმცა, მისი თქმით, ეს საქმის დასასრული არ არის.
„დავით კირკიტაძეს ბრალი კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში ედება. საზოგადოებამ დავით კირკიტაძის ქმედებების კადრები კარგად იხილა. როგორც ვიცი, მას პატიმრობა შეეფარდა. ეს საქმის დასასრული არ არის, ეს არ არის განაჩენი. დაველოდოთ, როგორ განვითარდება შემდგომში მოვლენები. პატიმრობის გამოყენების კონკრეტული საფუძვლები არსებობდა და მას პატიმრობა ამ საფუძვლით შეეფარდა“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.