ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლება 12 პუნქტის შესრულების ილუზიას ქმნის, რეალური შესრულებისკენ მიმართული ჩვენი წინადადებების მხარდაჭერის მზაობა ამ დრომდე არ გამოუხატავს
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პარტიამ „საქართველოსთვის“ სამუშაო ჯგუფებში წარადგინა 12 პუნქტის შესრულებისკენ მიმართული არაერთი წინადადება, რომლის მიზანია, შეიქმნას საფუძველი ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების, კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, არაფორმალური მმართველობის აღმოფხვრის და კონსენსუსზე დაფუძნებული დემოკრატიის უზრუნველსაყოფად.
„ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების გეგმა ჯერ კიდევ 17 ივნისს გამოვაქვეყნეთ. მას შემდეგ სამუშაო ჯგუფებში წარვადგინეთ 12 პუნქტის რეალური შესრულებისკენ მიმართული არაერთი წინადადება. თითოეული წინადადების მიზანია, შეიქმნას მყარი საფუძველი ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების, კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, საბოლოო ჯამში კი, არაფორმალური მმართველობის აღმოფხვრის და კონსენსუსზე დაფუძნებული დემოკრატიის უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით, ჩვენ ვითხოვთ: ყველა შესაბამისი თანამდებობის პირის პოლიტიკური კონსენსუსით, მაღალი ლეგიტიმაციით არჩევას, რათა უწყებები გათავისუფლდნენ პარტიული გავლენებისგან, არჩევნებზე აღმოიფხვრას სისტემური ზეწოლები; რეალურად დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას, რათა არჩევნებზე აღმოიფხვრას შავი ფულის გამოყენება, სათანადოდ იქნეს გამოძიებული ამომრჩეველთა მოსყიდვის და ელიტური კორუფციის შემთხვევები; ემიგრანტებისთვის ელექტრონულად ხმის მიცემის უფლების მინიჭებას, რათა საქართველოს მილიონნახევარზე მეტმა მოქალაქემ, რომელიც პრაქტიკულად ქვეყანას არჩენს, შეძლოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა; სასამართლოს და პროკურატურის დამოუკიდებლობას, განსაკუთრებული აქცენტით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საპროკურორო საბჭოზე და არა მეორეხარისხოვან ცვლილებებზე. ჩვენს მიერ წარდგენილი წინადადებების საბოლოო მიზანია, რეალური დეოლიგარქიზაცია არა მოჩვენებითად, კანონის მიღებით, არამედ ფუნდამენტური სტრუქტურული და შინაარსობრივი რეფორმების განხორციელებით“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მეზვრიშვილის განმარტებით, სამწუხაროდ, საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებში პარტია „საქართველსთვის“ მიერ წარდგენილი, ევროკავშირის 12 პუნქტის რეალური შესრულებისკენ მიმართული წინადადებების მხარდაჭერის მზაობა ხელისუფლებას ამ დრომდე არ გამოუხატავს.
„ხელისუფლება ქმნის 12 პუნქტის შესრულების ილუზიას. „ოცნების“ ამ დრომდე მოქმედი სტრატეგია მეორეხარისხოვანი, პროცედურული საკანონმდებლო ცვლილებებისკენ არის მიმართული და მიზნად არ ისახავს ქვეყანაში ძალაუფლების ლოგიკის ცვლილებას – ერთი ადამიანის ხელში უკანონოდ კონსოლიდირებული ძალაუფლების დემონტაჟს. უფრო მეტიც, პარალელურად ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის მიზნებს – ცვლის არჩევნების შედეგებს, ემზადება მომდევნო არჩევნების გაყალბებისთვის, აგრძელებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, თავს ესხმის დასავლეთს და ა.შ. აღნიშნულის მიუხედავად, ამომრჩევლის წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, 12 პუნქტის შესრულების მიზნით და საქართველოს ევროპული მომავლის გადასარჩენად, ვაგრძელებთ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას და ინიციატივების წარდგენას. ამ პროცესში აქტიურად ვაწვდით ინფორმაციას ამომრჩეველს, საერთაშორისო პარტნიორებს და ყველა დაინტერესებულ აქტორს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.