ნათია მეზვრიშვილი იურიდიულ კომიტეტს იარაღზე კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს წარუდგენს
ნათია მეზვრიშვილი იურიდიულ კომიტეტს იარაღზე კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს წარუდგენს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს წარადგენს.

პროექტის მიხედვით, მკაცრდება გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და გასაღებისათვის.

კანონპროექტის მიზანია, ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით დადგენილი წესების დარღვევისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამკაცრება.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, დეპუტატებს კანონპროექტის გარშემო შენიშვნები ჰქონდათ, მაგრამ შსს-ს არგუმენტების მოსმენის შემდეგ, ცვლილებებს მხარს უჭერენ.

„მათ წარმოადგინეს თავისი არგუმენტები, ჩვენ გვქონდა შენიშვნები, რადგან ყოველთვის გამკაცრება ხანდახან არ არის ხოლმე შედეგის დამყენებელი, მაგრამ ამ შემთხვევაში, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა ძალიან კარგი არგუმენტები, შესაბამისად ამ საკითხს მხარს ვუჭერთ. ასევე, არის სერიოზული არგუმენტები დანაშაულის დაფარვის გამკაცრებასთან დაკავშირებით. ჩვენ მათ ვთხოვეთ, რომ ანალიტიკა მოემზადებინათ, ვთქვათ, დღევანდელი მდგომარეობა ამ კუთხით. ასევე, ვთხოვეთ, რომ როცა ცვლილებები შევა ძალაში, ექვსი თვის თავზე გვითხრას შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რა შედეგს მივიღებთ, რამდენად წაადგა ეს გამოძიებას და რამდენად შეუწყობს ხელს ეს ყველაფერი საქმეების დროულ გახსნას“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.