ნათია მეზვრიშვილი - იოსებ სიგუა თანამდებობას ინარჩუნებს, ავად პოლიციელებიც ხდებიან
ნათია მეზვრიშვილი - იოსებ სიგუა თანამდებობას ინარჩუნებს, ავად პოლიციელებიც ხდებიან

დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა თანამდებობას ინარჩუნებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

როგორც ჟურნალისტებს მეზვრიშვილმა განუცხადა, ინფორმაცია, თითქოს სიგუამ სამსახური დატოვა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

„სიგუა თანამდებობას ინარჩუნებს. ის შეუძლოდ იმყოფება, რამაც საზოგადოებაში გარკვეული კითხვები გააჩინა, თუმცა ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია. პოლიციელებსაც აქვთ უფლება ავად გახდნენ, ავად პოლიციელებიც ხდებიან“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, როგორც კი გამოჯანმრთელდება, იოსებ სიგუა დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადდება.

„ადამიანი ცუდად დაგეგმილად არ გამხდარა და შესაბამისად, პარლამენტი საქმის კურსში ვერ ჩააყენა. როგორც კი ჩვენთვის ამის შესახებ გახდა ცნობილი, კომისიას დაუყონებლივ მივაწოდეთ ინფორმაცია. სამინისტროს არც ერთ წარმომადგენელს კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და გამოცხადების პრობლემა არ აქვს, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყველა გამოცხადდება”, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2 ივლისს გამოცხადდა. მისი გამოკითხვა 3 ივლისს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა სიგუა სხდომაზე არ მისულა. როგორც პირველ არხს 3 ივლისს შსს-ში განუცხადეს, სიგუა ავად იყო, რის გამოც სხდომას ვერ დაესწრო.  იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2 ივლისს საგამოძიებო კომისიის სხდომის შემდეგ სიგუა სამსახურიდან გაათავისუფლეს.