ნათია მეზვრიშვილი - გახარიას კომპლექსისგან როგორმე გათავისუფლდნენ, პარტია „საქართველოსთვის“ მიზანი საკრებულოებში ბალანსის დაცვაა
გახარიას კომპლექსისგან როგორმე გათავისუფლდნენ, პარტია „საქართველოსთვის“ მიზანი საკრებულოებში ბალანსის დაცვაა, – ასე უპასუხა „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრის არჩევასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებას.
მისივე თქმით, არავის აინტერესებს, რას „ოცნების“ ლიდერშიპი, თუ რაიმეს თქმა უნდათ, გამოვიდნენ იმ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე ილაპარაკონ, რაც მოსახლეობას აქვს.
„მითხრეს, რომ სოზარ სუბარს ჩაუტარებია ბრიფინგი. საერთოდ არავის აინტერესებს, რას იტყვის სოზარ სუბარი. სოზარ სუბარს და ზოგადად, „ოცნების“ ლიდერშიპს თუ რაიმეს თქმა უნდა ამ საკითხთან დაკავშირებით, ვურჩევდი, გამოვიდნენ, იმ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე ილაპარაკონ, რაც მოსახლეობას აქვს. ეყოთ გამბედაობა, გამოვიდნენ და ახსნან ტრანსპორტის ტარიფი რატომ გაძვირდა. მერი გამოვიდეს, ამაზე ღიად ისაუბროს, უპასუხოს ჩვენი პარტიის წინადადებას, რომელიც ამ საკითხს ეხება, გახარიას კომპლექსისგან და ამ პარტიის კომპლექსისგან როგორმე გათავისუფლდნენ. არაერთხელ გვითქვამს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობებს რეგიონში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბალანსის დაცვით, მოქმედებდნენ, არ შეიქმნას კრიზისი. დღეს „ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ წყალობით, ძალიან ბევრი საკითხი მუნიციპალიტეტის დონეზეა გაჩერებული, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანები ერთ მაგიდასთან არ დასხდნენ. ბალანსის დაცვით მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა კომისიების, მოადგილეების დაკომპლექტება, თანამდებობებზე დანიშვნა კონსენსუსის შედეგად და მოქალაქეთა ნების შესაბამისად მოხდეს“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.