ნათია მეზვრიშვილი - დღევანდელი მოცემულობაა ის, რომ საქართველო „ასოცირებული ტრიოდან“ ფაქტობრივად მოწყვეტილია და ეს მხოლოდ და მხოლოდ „ოცნების“ დამსახურებაა
ნათია მეზვრიშვილი - დღევანდელი მოცემულობაა ის, რომ საქართველო „ასოცირებული ტრიოდან“ ფაქტობრივად მოწყვეტილია და ეს მხოლოდ და მხოლოდ „ოცნების“ დამსახურებაა

დღევანდელი მოცემულობაა ის, რომ საქართველო „ასოცირებული ტრიოდან“ ფაქტობრივად მოწყვეტილია და ეს მხოლოდ და მხოლოდ „ოცნების“ დამსახურებაა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

„მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს, კახა კალაძეს და დანარჩენ „ოცნებას“, რომ ერთ დროს „ასოცირებული ტრიოს“ ლიდერ საქართველოს, ევროპა დღევანდელი მოცემულობით უყურებს, როგორც კანდიდატის სტატუსის შეუსაბამო ქვეყანას. ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი პასუხისმგებლობაა, რასაც ქვეყნისა და ხალხის წინაში ვერსად გაექცევით. ჩვენ არაერთხელ გაგაფრთხილეთ, რომ გეღიარებინათ პრობლემები, აგეღოთ პასუხისმგებლობა ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებაზე. მიუხედავად ამისა, თქვენ ძალაუფლების შენარჩუნებაში მზად იყავით გადაგეხადათ ნებისმიერი ფასი და როგორც შედეგი, საქართველოს მოქალაქე დაგეყენებინათ არჩევანის წინაშე – ან ივანიშვილი, ან ევროკავშირი“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, ამის მიუხედავად, ქართველი ხალხის ევროპულმა მისწრაფებებმა შედეგი გამოიღო, საქართველო და ქართველი ხალხი ევროკავშირმა არ მიატოვა და 2022 წლის ბოლომდე მისცა შანსი, დაუბრუნდეს ევროპულ ღირებულებებს.

„ნდობა ფაქტობრივად აღარ გაგაჩნიათ იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა და ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაგიჯეროთ. პირველ რიგში აღიარეთ შეცდომა და შემდეგ გამოასწორეთ. მართლა თუ გინდათ ევროპული პერსპექტივის გადარჩენა, გამოდით და აღიარეთ, რომ ქვეყანას ოლიგარქი მართავს და ამიტომ, საჭიროა დეოლიგარქიზაცია, დიახ არსებობს ყველა ის პრობლემა, რაც დასკვნაშია მითითებული. ამ აღიარების შემდეგ გამოდით დაუყოვნებლივ, 24 ივნისამდე, აიღეთ ვალდებულება რეფორმების განხორციელებაზე, რომლებიც პირდაპირ უპასუხებს კომისიის მოთხოვნებს და შესაბამისად, 2024 წელს უზრუნველყოფს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ძალაუფლების რეალურ დანაწილებას, ქმედით საპარლამენტო კონტროლს, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას. ჩვენ წარმოგიდგენთ კონკრეტულ გეგმას და მოგიწოდებთ აღნიშნული გეგმის შესრულებაზე დაუყოვნებლივ აიღოთ ვალდებულება, რათა 2022 წლის დარჩენილ მცირე დროში საქართველომ შეძლოს და საბოლოოდ არ მოწყდეს „ასოცირებულ ტრიოს“. ჩვენის მხრივ, მზად ვართ ამ გეგმის შესრულებაზე ერთობლივი მუშაობის დასაწყებად, რაც იქნება პირდაპირი პასუხი ევროკომისიის მოთხოვნაზე, შემცირდეს პოლარიზაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლით, რომ ხელისუფლება არ გამოხატავს ქართველი ხალხის ისტორიულ ნებას ევროპულ მომავალზე და ხალხს სრული უფლება ექნება დაიწყოს ეროვნული მოძრაობა საქართველოს ევროპული მომავლის გადასარჩენად“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.