ნათია მეზვრიშვილი - ბოდიში მოვუხადეთ კლუბში შეკრებილ იმ ადამიანებს, რომლებსაც დისკომფორტი შეექმნათ
ბოდიში მოვიხადეთ იმიტომ, რომ იმ მომენტში ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მინისტრის მოადგილის კომენტარს შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენ ბოდიში მოვუხადეთ კლუბში შეკრებილ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი, აბსოლუტურად ლეგიტიმური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებით კლუბში და კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე დისკომფორტი შეექმნა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მისი თქმით, კლუბებში იმყოფებოდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები, რის გამოც არსებობდა დაპირისპირების საფრთხე.
„სწორედ ამის გამო იყო ადგილზე სამართალდამცავთა დიდი რაოდენობა მობილიზებული. ჩვენი სამიზნე არ იყვნენ ახალგაზრდები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.