ნათია მეზვრიშვილი - ბიუროკრატიის შესამცირებლად მიზანშეწონილია, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახური შსს-ში დაბრუნდეს
ნათია მეზვრიშვილი - ბიუროკრატიის შესამცირებლად მიზანშეწონილია, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახური შსს-ში დაბრუნდეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შსს-ს დაქვემდებარებაში გადასვლის მიზანი ბიუროკრატიის შემცირებაა. ჟურნალისებთან საუბარში ნათია მეზვრიშვილი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს განმარტავს და აღნიშნავს, რომ ინიციატივა მცირე მთავრობის იდეას უკავშირდება. მისი თქმით, იმისთვის, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესი უფრო ეფექტიანი იყოს, უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს უერთდება.

„არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხდება, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენება, ისე შსს-ს მატერიალური ბაზის გამოყენება. იმისთვის, რომ ბიუროკრატია შევამციროთ და საგანგებო სიტუაციები უფრო ეფექტიანად ვმართოთ, მიზანშეწონილია, რომ ეს სამსახური შსს-ში დაბრუნდეს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს უერთდება. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სახით ყალიბდება, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და შს სამინისტრის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული. ამასთან, ინიციატივით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სფეროში სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო იარსებებს.