ნათია მეზვრიშვილი - არჩევნების მიმდინარეობისას დაფიქსირდა შესაძლო სამართალდარღვევის 29 ფაქტი, გადამოწმების შემდეგ 15 ფაქტი არ დადასტურდა ან არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, მარნეულში მომხდარ ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მეზვრიშვილმა განაცხადა, როდესაც მარნეულში კონფლიქტი დაიწყო, ადგილზე მყიესიერად სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები გამოცხადდნენ და იმ დროს, როცა სამართალდამცველები ფაქტის აღკვეთას ცდილობდნენ, კონფლიქტში მონაწილე პირებმა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც მათი დაკავება პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის გამო, ადმინისტრაციული წესით განხორციელდა.
მეზვრიშვილის ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია ორი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია, მეორე – „ქართული ოცნების“.
„ამ ფაქტზე პარალელურ რეჟიმში გამოძიება მიმდინარეობს, საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ და როგორც კი შედეგი იქნება ცნობილი, თუ ფაქტი დადასტურდება, ბუნებრივია, ამაზე რეაგირება მოხდება და საზოგადოების ინფორმირებას მოვახდენთ“, – დასძენს მეზვრიშვილი.
ამასთან, მეზვრიშვილის ინფორმაციით, დაფიქსირდა პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებული შესაძლო სამართალდარღვევის 29 ფაქტი, რომლებზეც მოხდა მყისიერი რეაგირება.
„გადამოწმების შედეგად 15 ფაქტი არ დადასტურდა ან არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. შვიდ საქმეზე, სადაც განმცხადებლები მიუთითებდნენ ფიზიკური შეურაცხყოფის, მუქარისა და ნივთის დაზიანების შესაძლო ფაქტებზე, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით. მათ შორის გამოძიება დაიწყო ბათუმში, მარნეულში, სიღნაღში, კასპში, სამტრედიასა და ახალქალაქში მომხდარ ინციდენტებზე“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.