ნათია მეზვრიშვილი - არჩევნები კანონით დადგენილ ვადაში, მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის გარეშე უნდა ჩატარდეს
არჩევნები უნდა ჩატარდეს, ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ არჩევნების ჩატარება უზრუნველყონ კოვიდუსაფრთხო გარემოში, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებაზეა პასუხისმგებლობა, ისე ჩაატაროს არჩევნები, რომ ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.
„ჩვენი პარტიისთვის და ზოგადად ჩვენი გუნდისთვის მაშინაც, როდესაც ხელისუფლებაში ვიყავით, უმთავრესი ამოცანა იყო პანდემიის პირობებში ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვა და დანარჩენს ვაყენებდით მეორე პლანზე. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც მოახერხა და უზრუნველყო საკმაოდ მნიშვნელოვანი არჩევნების ჩატარება პანდემიის პირობებში. ეს ყველაფერი გააკეთა უსაფრთხოდ და რეგულაციების სრული დაცვით. არჩევნები უნდა ჩატარდეს, ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ არჩევნების ჩატარება უზრუნველყონ კოვიდრუსაფრთხო გარემოში. ხელისუფლებაზეა პასუხისმგებლობა, ისე ჩაატაროს ეს არჩევნები, რომ ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. თვეზე მეტია დარჩენილი არჩევნებამდე და ჯერ კიდევ შესაძლებელია სიტუაციის გამოსწორება. ნაცვლად იმისა, რომ რესურსი პარტია „საქართველოსთვის“ მხარდამჭერების დევნაზე ხარჯონ, ვურჩევდი, არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების საკითხზე იზრუნონ. ვერ გეტყვით, ვის ინტერესში შედის არჩევნების გადადება. პარტია „საქართველოსთვის“, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტიის ინტერესში, არის ის, რომ არჩევნები კანონით დადგენილ ვადაში მოქალაქეების სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის გარეშე უნდა ჩატარდეს და ხელისუფლებამ ეს უნდა უზრუნველყოს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, მაშინ, როდესაც ქვეყანას დღის განმავლობაში კორონავირუსისგან 60-70 გარდაცვლილი ჰყავს, უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს შემოღებული.
ამასთან, ლომჯარია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უნდა მსჯელობდნენ, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება.
„რატომ არავინ მსჯელობს, შეიძლება თუ არა თუნდაც ასეთ ვითარებაში არჩევნების ჩატარება, რა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში უფრო საგანგაშო, უფრო სავალალო, უფრო ტრაგიკული თუ არა ეს, რაც დღეს ხდება. ანუ რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს იგივე სააგანგებო მდგომარეობა, ან როდის შეიძლება განვიხილოთ არჩევნების გადადება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.