პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან მათ კანდიდატებზე ქვეყნის მასშტაბით ზეწოლა ხორციელდება.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ იყენებს იმ მეთოდებს, რამაც წინა ხელისუფლების მმართველობა დასასრულამდე მიიყვანა.
„ქართული ოცნება“, მთელი სახელმწიფო მანქანის გამოყენებით, აგრძელებს პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატებზე ქვეყნის მასშტაბით ზეწოლას. პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ რა მეთოდებსაც ახლა „ქართული ოცნება“ იყენებს, ამ მეთოდებმა წინა ხელისუფლების მმართველობა დასასრულამდე მიიყვანა და აუცილებლად მიიყვანს დასასრულამდე „ქართული ოცნების“ მმართველობასაც.
დღეს, თავისივე ღირებულებებს დაშორებული ოცნება, რომელიც სისტემური ძალადობის წინააღმდეგ თავად იბრძოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდებით ებრძვის ქვეყანაში ერთადერთ პოლიტიკურ პარტიას, რომლისთვისაც მთავარი საზრუნავი სახელმწიფო და ხალხია და რომელსაც შესწევს უნარი, გაარღვიოს მოჯადოებული წრე და ქვეყანა წინ წაიყვანოს.
„ქართული ოცნება“, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყენებს პოლიციას, სუს-ს, პროკურატურას, შემოსავლების სამსახურს და მის პარალელურად ერთმანეთის მიყოლებით აუქმებს ყველა საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც ამ უწყებების დამოუკიდებლობას და მათი მხრიდან ხალხის მსახურებას ისახავს მიზნად. ჯერ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ღიად თქვეს უარი და ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში ხალხს 75 მლ ევრო დააკარგვინეს. ახლა პროკურატურის დამოუკიდებლობაზე ღიად ამბობენ უარს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ნათია მეზვრიშვილმა მედიასთან კონკრეტულ ფაქტებზეც ისაუბრა:
„ლაგოდეხის რაიონის სოფელი მაწიმის მაჟორიტარობის კანდიდატი აკაკი ლობჟანიძე ყვარელში მიდიოდა წარდგენის ცერემონიაზე და გზიდან გაქრა, ამ წუთამდე არ ვიცით, სად არის. 6 სექტემბერს ყვარლის შტაბის უფროს ლაშა ალადოშვილს მანქანის საბურავზე ექვსივე სამაგრი დაუშვეს და ლაშა ალადოშვილი ძლივს გადაურჩა სიკვდილს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიის მე-5 ნომერმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა ია ნოზაძემ მოხსნა კანდიდატურა – არ ვიცით მიზეზი. ახმეტის საკრებულოს პარტიული სიის მე-17 ნომერმა ცეზარ მოსახლიშვილმა მოხსნა კანდიდატურა – დაემუქრნენ სოციალური დახმარების მოხსნით. არის ოთხი მცირეწლოვანი შვილის მამა. მარნეულის საკრებულოს პარტიული სიის მე-3 ნომერმა გუნაი ეთირმიშლიმ მოხსნა კანდიდატურა და გაწყვიტა ჩვენთან კომუნიკაცია. ოჯახზე განხორციელდა ზეწოლა. მარნეულის პარტიული სიის მე-5 ნომერმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა საფარ პირიევმა მოხსნა კანდიდატურა – ვერ ვამყარებთ კავშირს. ახალციხის საკრებულოს პარტიული სიის მე-6 ნომერმა პაატა მანჩხაშვილმა მოხსნა კანდიდატურა და გაწყვიტა კონტაქტი. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელი გორისციხის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნათელა ავსაჯანიშვილმა მოხსნა კანდიდატურა – ზეწოლა განხორციელდა შვილზე და შვილის მოთხოვნით მოხსნა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პარტიული სიის კანდიდატმა ლელა გუჯარაიძემ მოხსნა კანდიდატურა – ზეწოლა განხორციელდა ძმის მეშვეობით, რომელიც მუშაობს დაცვაში. კობის მაჟორიტარობის კანდიდატმა მზია ჩქარეულმა მოხსნა კანდიდატურა – მუქარა განახორციელეს ძმის მეშვეობით, რომლის შვილებიც არიან სისხლის სამართლის საქმეზე გირაოს ქვეშ.
გუდაურის მაჟორიტარობის კანდიდატმა ოთარ ქარჩაიძემ მოხსნა კანდიდატურა ახლობლების დაჟინებული მოთხოვნით – სხვა სახის ზეწოლა არ ფისქირდება. გორის თეატრის დირექტორს არ გაუგრძელეს ხელშეკრულება – მიზეზი გახარიას გუნდის მხარდაჭერა. სამსახურიდან გაუშვეს ლანჩუთის რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატის გენო შარაბიძის მამა – პოლიციის თანამშრომელი დავით შარაბიძე შვილის პარტიული საქმიანობიდან გამომდინარე. 7 სექტემბერს ზეწოლის შედეგად კანდიდატურა მოხსნა მაჟორიტარობის კანდიდატმა ხულოს რაიონის სოფ. ხიხაძირში ომარ აბაშიძემ. ხელვაჩაურის, შუახევის და ხულოს რაიონში აქტიური ზეწოლები ხორციელდება აჭარის რეგიონის მითითებულ რაიონებში სუს-ის ხელმძღვანელის – თემურ აბაშიძის მიერ. ხულოს რაიონის სოფელ დიდაჭარის მაჟორიტარობის კანდიდატმა – ილია კოჩალიძემ მოხსნა კანდიდატურა – მიზეზი არ ვიცით. ფოთში საკრებულოს მოადგილე და მერის მოადგილე ხვდებიან საჯარო სამსახურის ხელმძღვანელ პირებს, რომლებსაც ტელეფონებს ატოვებინებენ გარეთ და ეუბნებიან, რომ საარჩევნო უბნებზე ურნაში ბიულეტინების ჩაგდებამდე მათ წარმომადგენლებს აჩვენონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებიან სამსახურში პრობლემების შექმნით.
გორის რაიონის მჟორიტარობის კანდიდატს ვალერი ღონღაძეს სისტემატურად უგზავნიან ახლობლებს, მეგობრებს და პრობლემების შექმნით ემუქრებიან. ხელვაჩაურის საკრებულოს პარტიული სიის პირველი ნომრის რამაზ ფევაძის მფლობელობაში არსებულ რამდენიმე კომპანიაში ერთდროულად შევიდა ფინანსური პოლიცია. როგორც ირკვევა, დაწყებულია გამოძიება ყალბი ანგარიშფაქტურის გამოყენების ფაქტზე. პოლიციის თანამშრომლები, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე იმყოფებიან რ. ფევაძის რწმუნებით (მინდობილობით) აღჭურვილი პირები, დაჟინებით ითხოვენ უშუალოდ რ. ფევაძის მისვლას ადგილზე, რაც გვაფიქრებინებს, რომ საგამოძიებო უწყებას გადაწყვეტილი აქვს მისი დაკავება. ბორჯომის საკრებულოს პარტიული სიის მე-2 ნომერმა მარიამ გელაშვილმა მოხსნა კანდიდატურა – მიუგზავნეს ახლობლები და ესაუბრნენ სამსახურში ხელმძღვანელები. მესტიის საკრებულოს პარტიული სიის მე-11 ნომერმა თამილა იოსელიანმა მოხსნა კანდიდატურა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.