ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია თავისი გამოსვლებით მოქალაქეებს რეალურად მოუწოდებს, დადგენილ შეზღუდვებს არ დაემორჩილონ
ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია თავისი გამოსვლებით მოქალაქეებს რეალურად მოუწოდებს, დადგენილ შეზღუდვებს არ დაემორჩილონ

თქვენი აქ გამოსვლებით რეალურად ადამიანებს მოუწოდებთ იმისკენ, არ დაემორჩილონ სახელმწიფოს მიერ დადგენილ შეზღუდვებს, – ასე მიმართა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

მეზვრიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხზე პარლამენტის საგანგებო სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებსა და კითხვებს უპასუხა.

მან აღნიშნა, რომ საკითხის წარდგენისას შეზღუდვები სათანადოდ განმარტა. მეზვრიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია პოპულიზმში გადადის.

„საკითხის ასე დაყენება უბრალოდ არასწორია. ალბათ არ ისმენდით, ჩემს გამოსვლაში რაზე ვაკეთებდი აქცენტებს. ახლა თქვენი აქ გამოსვლებით, რეალურად ადამიანებს მოუწოდებთ იმისკენ, რომ არ დაემორჩილონ სახელმწიფოს მიერ დადგენილ შეზღუდვებს, მოუწოდებთ შეზღუდვების ეჭვქვეშ დაყენებით. არ ვგულისხმობ, რომ მთავრობას არ აქვს ვალდებულება, შეზღუდვები დაასაბუთოს. ეს ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე და კონკრეტულ შეზღუდვებზე ვისაუბრებ კიდეც. უბრალოდ, პოპულიზმში რომ გადადიხართ, მოუწოდებთ, არ დაემორჩილონ და  ადამიანებს გონებაში უდებთ იმას, რაც არ არის საჭირო. დღეს აქ მთავრობის წარმომადგენელი და პრეზიდენტი თითქოს მოვიდნენ იმიტომ, რომ ჰაერზე გელაპარაკონ, არგუმენტები არ წარმოადგინონ და რაღაც გაურკვეველ არგუმენტებზე დაყრდნობით ვითხოვთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიცია ვერ აცნობიერებს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ განცხადებებს.

„ვერ ვხდები, იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე,  რა შედეგები შეიძლება მოყვეს თქვენს ამ ირიბად დაუმორჩილებლობის განცხადებებს. თქვენ კარგად იცით, რომ არ ყოფილიყო ეს შეზღუდვები, პარლამენტს, პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობა რომ არ გამოეცხადებინათ, დღეს გაცილებით მეტი ინფიცირებული გვეყოლებოდა.

უბრალოდ, შთაბეჭდილება მრჩება თითქოს ჩვენ უნდა გვქონდეს გარდაცვალების შემთხვევების ალბათ რაღაც რაოდენობა, რომ თქვენ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარი დაუჭიროთ. ასე აყენებთ საკითხს. ჩემს აღქმაში ასეა, ალბათ ათეულობით, ასეულობით გარდაცვალების შემთხვევა რომ გვქონდეს, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს დაუჭერდით. არ აფასებთ, რა პოზიტიური შედეგები მოგვიტანა საგანგებო მდგომარეობის გამოყენებამ და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თუნდაც ჯანდაცვის სისტემისთვის დროის მოგებამ. სამწუხაროა, რომ ამის დანახვა არ გინდათ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.