ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ არასრულწლოვანთა საკითხებზე უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა უმოკლეს დროში გადასაჭრელი პირველი რიგის ამოცანები განსაზღვრა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, არასრულწლოვანთა საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ იმ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც პირველ რიგშია მოსაგვარებელი.
მეზვრიშვილის განცხადებით, შსს-ს 2020 წლის პირველი აპრილიდან თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა სამმართველო ექნება, სადაც არასრულწლოვნებზე სპეციალიზებული გამომძიებლები იმუშავებენ.
„არსებობდა გარკვეული ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელიც მოგვარებულია. სამმართველოში იმუშავებენ არასრულწლოვანენზე სპეციალიზებული გამომძიებლები, მენეჯმენტსაც გავლილი ექნება ამ მიმართულებით შესაბამისი გადამზადება. შევთანხმდით იმაზე, რომ ეს სამმართველო აღჭურვილი იქნება შესაბამისი ვიდეოკამერებით, რომელიც სრულად ასახავს სამმართველოში ბავშვის შესვლისა და გასვლის,ზოგადად ყოფნის პროცესს“ ,- განაცხადა მეზვრიშვილმა.
მეზვრიშვილის თქმით, შეთანხმდნენ იმაზეც, როგორ უნდა მოხდეს გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონებში ბავშვზე მორგებული გარემოს დანერგვა.
„შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებში ამასთან დაკავშირებითაც ბუნებრივია სამინისტრო წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას“ ,- განაცხადა მეზვრიშვილმა.
ასევე, მეზვრიშვილის ინფორმაციით, განათლების სამინისტრო მომავალ შეხვედრაზე წარმოადგენს წესს, რომელიც მასწავლებლის, სოციალური მუშაკისა და მანდატურის სამსახურის მიერ კონკრეტული შემთხვევის დროს იქნება შესასრულებელი.
„განათლების სამინისტრო შემდეგ შეხვედრაზე უკვე მოიტანს კონკრეტულ წესს, კონკრეტულ დოკუმენტს, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი პროცესი, როდესაც შემთხვევა მოხდება განათლების სამინისტროში, რას აკეთებს მასწავლებელი, რას აკეთებს სოციალური მუშაკი, მანდატურის სამსახური, როგორი იქნება ამ წესის შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა თითოეული მიმართულებით, ანუ მონიტორინგის მექანიზმები და რეაგირების მექანიზმები“ ,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ამასთან, მეზვრიშვილის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროც წარმოადგენს კონკრეტულ წესს, გაიდლაინს გამომძიებლებისთვის, თუ როგორ უნდა მოიქცნენ არასრულწლოვნებთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას.
„საუბარია, როგორც მოწმე არასრულწლოვანზე, ისე ბრალდებულზე და დაზარალებულ არასრულწლოვანზე“ ,- განაცხადა მეზვრიშვილმა.
რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, უწყებამ მომდევნო შეხვედრაზე უნდა წარადგინოს გეგმა, რა უნდა გაკეთდეს სოციალური მუშაკების ნაკლებობის პრობლემის მოსაგვარებლად.
„ჯანდაცვის სამინისტროს მიმართულებით საკმაოდ ფართო და ვრცელი თემაა, ამ ნაწილში შევთანხმდით, რომ სოციალური მუშაკების მიმართულებით რა გამოწვევებიც გვაქვს, ამ გამოწვევებს როგორ უნდა ვუპასუხოთ, რათა შსს-ს, განათლების სამინისტროს და ყველა პროცესში ჩართულ სამინისტროებს არ ჰქონდეთ სოციალური მუშაკების ნაკლებობის პრობლემა. ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას. ასევე, განათლების სამინისტროსთან ერთად ადამიანის უფლებების სამდივნო, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში არსებობს, იმუშავებს ბავშვთა ფსიქოლოგთა ბაზის შექმნაზე. მოგეხსენებათ, ადამიანური რესურსები ამ ნაწილში არის სერიოზული გამოწვევა, პრობლემა და იმედი გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების“ ,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მეზვრიშვილის ინფორმაციით, მართლმსაჯულების სფეროში მოხვედრისას, არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებზე საკანონმდებლო დონეზე იმუშავებს იუსტიციის სამინისტრო.
„ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კიდევ რაზეც იუსტიციის სამინისტრო იმუშავებს საკანონმდებლო დონეზე, ესეც არის საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაცია, რათა ბავშვები, რომლებიც მართლმსაჯულების სფეროში ხვდებიან მოწმის სტატუსით, უფრო მეტად იყვნენ დაცულები, ამ ნაწილში ადვოკატის სავალდებულო წესით მონაწილეობაზე ვიმსჯელებთ. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებას წარმოადგენს იუსტიციის სამინისტრო თავისი ბიუჯეტით და ფინანსური მხარის გაანგარიშებით”,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, არასრულწლოვანთა საკითხებზე მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 10 იანვრისთვის დაიგეგმა.
„კონკრეტული შედეგები უკვე გვაქვს და ამ ფორმატში მუშაობას გავაგრძელებთ“ ,- დასძინა ნათია მეზვრიშვილმა.