ნათია მერებაშვილი - 2023 წლის ცხრა თვის მონაცემებით, ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელმა 91 პროცენტი შეადგინა
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, უწყებისთვის ქალთა მიმართ გენდერული ძალადობა და ოჯახური დანაშაული ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
როგორც საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილმა საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2023 წლის ცხრა თვის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, 2023 წლის ცხრა თვის მონაცემებით, სისხლის სამართლებრივი დევნა 4 031 პირის მიმართ დაიწყო, ხოლო ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელმა 91% შეადგინა.
„2018-2023 წლებში საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნა სტაბილურად მაღალია და 90%-დან 94%-მდე მერყეობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახურ დანაშაულზე აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვნილი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობებიდან 2023 წლის ცხრა თვეში სასამართლომ 55% დააკმაყოფილა“, – აღნიშნა ნათია მერებაშვილმა.
გენერალური პროკურორის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა პროკურატურის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივაზე, რაც გულისხმობს ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის ჩამდენი ბრალდებულების მიმართ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად, ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებას.
ნათია მერებაშვილმა ანგარიშის წარდგენისას ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პროკურატურა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის საქმეებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთას.