ნათია კუპრაშვილი - აჭარაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუროს გახსნა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც არის დანაშაულებრივი სახელმწიფოს წინაშე
აჭარაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუროს გახსნა არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი – ამის შესახებ კოალიცია „მედიის ადვოკატირების“ კოორდინატორმა ნათია კუპრაშვილმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.
ნათია კუპრაშვილის განცხადება მოყვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსების და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორის ნოდარ ჭიჭინაძის განმარტებას, თუ სინამდვილეში, რა თანხას ღებულობს მაუწყებელი.
„2017 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბიუჯეტიდან მიიღო 39,5 მლნ ლარი, წელს მიიღებს 44 მლნ ლარს და არა 52-ს, ზოგი 53-საც ამბობს, ზოგი 50-ს. 85 პროცენტი არის საზოგადოებრივი მაუწყებლის და 15 პროცენტი აჭარის მაუწყებლის, აქედან გამომდინარე, 52 მილიონიდან ჩვენი არის 44 მლნ“, – აღნიშნა ნოდარ ჭიჭინაძემ.
ნათია კუპრაშვილმა ამ განცხადებას სახელმწიფოებრივად დანაშაულებრივი მსჯელობა უწოდა.
„რასაც ვისმენთ, სახელმწიფოებრივად არის საფრთხის შემცველი, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა არ მიიჩნევს საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაწილად აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს. ეს არის ფინანსურადაც, ადმინისტრაციულადაც და იდეურადაც სახელმწიფოებრივად დანაშაულებრივი მსჯელობა, რომელიც თანხვედრაშია იმ გადაწყვეტილებებთან, რომელიც თქვენ მიიღეთ, რომ ბიურო გახსენით აჭარაში, მიუხედავად იმისა, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი გყავთ, როგორც ერთიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაწილი. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული და განვითარებადი პოლიტიკა, რომელსაც აქ ჩვენ ვისმენთ. 53 მილიონი არის მთელი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი“, – აღნიშნა ნათია კუპრაშვილმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელიამ ნათია კუპრაშვილის აღნიშნულ განცხადებას პოლიტიკური უწოდა.
„პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ? მაშინ, ნუღარ დაიბრალებთ, რომ არასამთავრობო ხართ, პარტია ჩამოაყალიბეთ და იბრძოლეთ პოლიტიკურად“, – განაცხადა გოგელიამ.
ნათია კუპრაშვილის თქმით კი, აჭარის ბიუროს გახსნა იყო პოლიტიკური ნაბიჯი.
„აჭარაში როცა გახსენით ბიურო, იყო პოლიტიკური ნაბიჯი, თქვით, ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ერთიან საზოგადოებრივ მაუწყებელს, იმიტომ, რომ ჩვენთვის აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელი არ არის ჩვენი ნაწილი, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც არის დანაშაულებრივი სახელმწიფოს წინაშე“, – აღნიშნა კუპრაშვილმა.