ნათია იოსელიანი - გავრცელებული ინფორმაცია, რომ გარდაბნის 41-ე უბანზე 100 ადამიანი შეიყვანეს, რომლებიც არ იყვნენ ამომრჩეველთა სიაში, სიმართლეს არ შეესაბამება
გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაბნის 41-ე უბანზე 100 ადამიანი შეიყვანეს, რომლებიც არ იყვნენ ამომრჩეველთა სიაში და მათ ხმა მიაცემინეს. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე კენჭისყრის პროცესში დარღვევებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, თელავის 50-ე უბანზე დამკვირვებელი ნაკადის მომწესრიგებლის ნაცვლად იდგა, რაც პროცედურულ დარღვევას წარმოადგენს და ამ დროისთვის ეს გაურკვევლობა აღმოფხვრილია.
„ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდუბეში, 41-ე საარჩევნო უბანზე, აღმოჩნდა მთაწმინდის ბიულეტენები. შედგენილია სამართალდარღვევის აქტი და ახსნა-განმარტებაც დაწერილია. საუბნო საარჩევნო კომისია იმსჯელებს აღნიშნულზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. კენჭისყრის პროცესი აღნიშნულ უბანზე გრძელდება“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.