ნათია იოსელიანი - ამომრჩეველი მიდის უბანზე პირბადით და მას ორჯერ იხსნის, არ მინახავს კადრები, მოიხსნა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილმა პირბადე, თუმცა წესი ყველასთვის წესია
ცესკო-ს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი აცხადებს, რომ მას არ უნახავს კადრები, მოიხსნა თუ არა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირბადე საარჩევნო უბანზე ყოფნისას იმ შემთხვევებში, როდესაც ეს აუცილებელი იყო.
აღნიშნულის შესახებ იოსელიანმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა, როგორ შეაფასებდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერმა საარჩევნო უბანზე პირბადე არ მოიხსნა.
ამასთან, ნათია იოსელიანმა განმარტა, რა შემთხვევაში იხსნის ხმის მისაცემად მისული ამომრჩეველი პირბადეს.
„ამომრჩეველი მიდის პირბადით უბანზე და მას ორჯერ იხსნის, ერთხელ, როდესაც ნაკადის მომწესრიგებელთან მიდის და მეორედ – რეგისტრატორთან, როდესაც ფოტოსურათის შესაბამისობა უნდა დადგინდეს. პირბადეს ის იხსნის რამდენიმე წამით. მე არ მინახავს კადრები, მოიხსნა თუ – არა. ძალიან სამწუხაროა. წესი არის ყველასთვის წესი. არ აქვს მნიშვნელობა რომელი თანამდებობის პირია. ყველა უნდა დაექვემდებაროს წესებს. ეს არის ჩვენი მოწოდება“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.