ნათია ჭყონია - მომხმარებლის უფლებების დაცვა ეროვნული ბანკის პრიორიტეტს წარმოადგენს,  მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებელზე მორგებული გარემო შევქმნათ
ნათია ჭყონია - მომხმარებლის უფლებების დაცვა ეროვნული ბანკის პრიორიტეტს წარმოადგენს, მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებელზე მორგებული გარემო შევქმნათ

საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნათია ჭყონიას განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ცდილობს, მომხმარებელზე მორგებული გარემო შექმნას და მათი უფლებები იყოს დაცული.

ნათია ჭყონიამ ეროვნული ბანკის მიერ ამ კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრისას მაგალითებად მოიყვანა ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება პენსიონერებისთვის საპენსიო სესხის შეთავაზების აკრძალვას და საპენსიო სესხებზე პროცენტის დაწევას.

„მომხმარებლის უფლებების დაცვა საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს. ამ ნაწილში მუდმივად ვზრუნავთ და ვცდილობთ, მომხმარებელზე მორგებული გარემო შევქმნათ. მათ შორის, 2023 წელს ე.წ. მოწყვლადი სეგმენტისთვის, პენსიონერებისთვის საპენსიო სესხის შეთავაზება ავკრძალეთ, რაც მათი მხრიდან უფრო მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას შეუწყობს  ხელს. ასევე, საპროცენტო განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთ დღეში არ მიღებულა და ამაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი, აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობდა. ბანკის გადაწყვეტილებით, დღეს ყველა პენსიონერს, ვისაც 2023 წლის პირველ იანვრამდე აქვთ სესხი აღებული, საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდებათ და, დღევანდელი მაჩვენებლით, მათი საპროცენტო განაკვეთი 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს. თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო (TIBR ინდექსზე) განაკვეთზეა მიბმული საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთები. სოციალურ სააგენტოსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო სუბსიდირებას აკეთებს საპენსიო სესხების 2023 წლის პირველი იანვრიდან, განსაზღვრულია, რომ თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთს პლუს 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს სესხის აღების დღეს არსებული საპროცენტო განაკვეთის ჯამური მოცულობა კონკრეტულ სესხზე. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, TIBR-ის მონაცემი არის 9.88%, რომელსაც ემატება 15% და შესაბამისად, გამოდის 24.9%. აქედან გამომდინარე დღეს საპენსიო სესხის პროცენტი 25%-ს არ აღემატება, საშუალოდ ექვსპროცენტიან სხვაობას აძლევს მომხმარებლებს სესხზე. შეღავათი ვრცელდება ნებისმიერი ტიპის საპენსიო სესხზე, რომელიც შეიძლება იყოს დევნილის პენსია, ასაკობრივი პენსია, მათ შორის, ოვერდრაფტი“, – განაცხადა ნათია ჭყონიამ.