ნათელა სახოკია - კარგმა სასკოლო სისტემებმა მასწავლებლებს მისცეს საწყისი დონე და შემდეგ უკვე ხელი შეუწყვეს ნოვაციებს
კარგმა სასკოლო სისტემებმა, რომლებმაც ცუდიდან დაიწყეს, თავიდან გააკეთეს ის, რაც უნდა გაეკეთებინათ, მასწავლებლებს მისცეს საწყისი დონე და შემდეგ უკვე ხელი შეუწყვეს ნოვაციებს, ავტონომიას – ამის შესახებ სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორმა, ნათელა სახოკიამ პირველი არხის გადაცემაში “თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„2000 წელს, როცა განათლების სისტემის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა დაიწყო და მსოფლიო ბანკი 60 მილიონი დოლარით შემოვიდა, რაც მაშინ, საქართველოსთვის უზარმაზარი ფული იყო, დაიწყო დეცენტრალიზაცია, მასწავლებლების ავტონომია, ინტერაქტიული გაკვეთილები, ამორჩევითი სახელმძღვანელოები და ყველანი ვხედავთ, რომ საშინელი შედეგები მივიღეთ. კარგმა სასკოლო სისტემებმა, რომლებმაც ცუდიდან დაიწყეს, თავიდან გააკეთეს ის, რაც უნდა გაეკეთებინათ, რომ მასწავლებლებისთვის საწყისი დონე მიეცათ და შემდეგ უკვე, ძალიან შეუწყვეს ხელი ნოვაციებს, ავტონომიას და ყველაფერს, ესე იგი, ყველაფერს თავისი დრო აქვს“, – განაცხადა სახოკიამ.
მისი თქმით, ბოლო 50 წლის განმავლობაში, სასკოლო განათლების რეფორმა მსოფლიოს ყველა ქვეყანამ ჩაატარა და ყველას ესმის, რომ განათლებაში უმნიშვნელოვანესი რგოლი სასკოლო განათლებაა.
„რეფორმა ყველამ ჩაატარა და წარმატებული ძალიან ცოტა იყო. ასე ოცი-ოცდახუთი. მეცნიერებმა გადაწყვიტეს, სერიოზულად გამოეკვლიეთ, რა მოხდა და რატომ მიაღწიეს წარმატებას ამ სკოლებმა. ის, რაც მათ თქვეს, არის ნამდვილი მეცნიერული დასკვნა. მათ თქვეს, რომ თუ შენ განვითარების საწყის ეტაპზე ხარ და სუსტი სასკოლო განათლების სისტემა გაქვს, ყველა სუსტმა სასკოლო განათლების სისტემამ, რომელმაც რეფორმა დაიწყო და წარმატებას მიაღწია, ერთი და იგივე ინტერვენცია გააკეთა. ეს მოხდა შეუთანხმებლად, ინტუიტიურად, კვლევით, თუ რაღაცით. რა იყო ეს ინტერვენცია?! ძირითადი, ეს იყო მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება, ბავშვებისთვის საშუალების მიცემა, რომ სკოლაში აუცილებლად ევლოთ და სუსტი, ჩამორჩენილი სკოლებისთვის დახმარება, რათა მათ რაღაც დონისთვის მიეღწიათ“, – განაცხადა გახოკიამ.
როგორც სახოკიამ აღნიშნა, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ამ ქვეყნებმა პროგრამა გააკეთეს და თითოეული გაკვეთილი გაწერეს, რომელიც მასწავლებელს უნდა ჩაეტარებინა.
„გაწერეს, პირველ გაკვეთილზე რა უნდა ესწავლებინათ, რა უნდა ყოფილიყო გაკვეთილის მიზანი და ა.შ. ეს გაკვეთილები მასწავლებლებს მულტიმედიური საშუალებებითა და წვრთნებით მიაწოდეს. ეს ძალიან დიდი სამუშაო იყო, მაგრამ მათ ეს სამუშაო გაწიეს და შედეგსაც მიაღწიეს“, – განაცხადა გახოკიამ.