ნატალია საბანაძე - საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა მაჩვენებლის მატებაზე შვედეთმა და ისლანდიამ ისაუბრეს
ევროკავშირში საქართველოს ელჩის ნატალია საბანაძის განცხადებით, ევროკავშირის საბჭოს სავიზო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც ბრიუსელში გაიმართა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა მაჩვენებლის მატებაზე საკითხი ორმა ქვეყანამ შვედეთმა და ისლანდიამ დააყენა.
პირველ არხთან საუბარში ნატალია საბანაძე აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე საუბარი არ არის.
“ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე სავიზო ჯგუფის ფარგლებში მოხდა გეგმური განხილვა. ანგარიში ძირითადად სხვა ქვეყნებს ეხებოდა, მაგრამ საუბარი იყო საქართველოზეც, ჩვენი ქვეყნისთვის კარგად ჩაიარა განხილვამ. ორმა ქვეყანამ შვედეთმა და ისლანდიამ აღნიშნა, რომ არის გაზრდილი თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი. გამოთქვეს წუხილი, მაგრამ ეს იყო შეფასებითი განხილვა და სხვა არაფერი. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე საუბარი არ არის, ეს არის ზოგიერთ მედიაში გავრცელებული არასწორი ინტერპრეტაცია” – აცხადებს ნატალია საბანაძე